ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ 22-24 აპრილს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და ასევე შეხვდება მმართველი პარტიის სხვა ოფიციალურ პირებს. ფერიდუნ სინირლიოღლუ ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრები დაანონსებული არ ყოფილა.
ეს ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც ეუთოს საბოლოო ანგარიშში არსებული ხარვეზების გამო გაკრიტიკებულია. იანვრის დასაწყისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა, რომ იგი გააუქმებდა 8 იანვარს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს. თბილისში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ანონსს ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. ისინი პრეზიდენტ კაუმას აფრთხილებდნენ, რომ ვიზიტს „ქართული ოცნება“ მთავრობისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებდა. სინირლიოღლუს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ ჯო უილსონმა სინირლიოღლუს მოუწოდა, გადაედო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი და გააფრთხილა, რომ „ქართული ოცნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები მხოლოდ მათი პოზიციებისა და ხელისუფლების ბოლო ქმედებების ლეგიტიმაციას ემსახურება“.
შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან
22 აპრილს, ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ერთობლივი განცხადებები პრესისთვის
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს თბილისში ვიზიტისთვის და განაცხადა, რომ ეს ეუთო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე მეტყველებს.
„თქვენი ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი და ნაბიჯია”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო რჩება ეუთოს წევრ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც ევროპული უსაფრთხოება და თანამშრომლობა „უაღრესად მნიშვნელოვანია“.
ბოჭორიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეუთოს ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ევროპის უსაფრთხოების დასაცავად, მისი წევრი ქვეყნები საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციის დამფუძნებელი პრინციპების ერთგულები უნდა დარჩნენ.
მისი თქმით, საუბარი შეეხო რეგიონულ დინამიკას და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“ და ხაზი გაუსვა საქართველოს ეუთოს დღის წესრიგში დარჩენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მუშაობის აუცილებლობას.
ბოჭორიშვილი მიესალმა ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და ხაზი გაუსვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) მნიშვნელობას, ასევე ყურადღება გაამახვილა გალის IPRM-ის განახლების აუცილებლობაზე, რომელიც 2018 წლიდან შეჩერებულია.
„საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ“, – განაცხადა მან. ბოჭორიშვილი მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და რეგიონალური სამშვიდობო ძალისხმევისთვის საქართველოს მხარდაჭერა შესთავაზა.
„ქართული ოცნების“ მინისტრმა მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს „დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“ და გააფრთხილა, რომ „მიუღებელია ზოგიერთი აქტორის მცდელობა ეს ინსტიტუტები თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოიყენოს“.
„საქართველო ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში საგარეო ჩარევის ღია მცდელობის ნათელი მაგალითი გახდა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ „ხშირად ჩვენ საერთაშორისო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების მცდელობების მოწმენი ვხდებით, რაც საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს ეწინააღმდეგება“.
ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ეუთოს პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის მიმართ და 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისია ორგანიზაციისადმი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ნდობის დემონსტრირებად დაასახელა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს ეუთოსთან მისი რეკომენდაციების განსახორციელებლად.
გენერალურმა მდივანმა სინირლიოღლუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს ეუთოს „მტკიცე ერთგულებას“ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის მიმართ.
„სტაბილურობა აქ, საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც მისი ხალხისთვის, ასევე უფრო ფართო რეგიონის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა სინირლიოღლუმ და IPRM-ის მექანიზმებისა და რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში ეუთოს მუდმივი როლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს შიდა და გარე გამოწვევების გადაჭრაში და მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, კვლავ ჰქონდეს ეუთოს გამოცდილებისა და მხარდაჭერის იმედი. გმადლობთ ეუთო-ს პრინციპებისადმი თქვენი ერთგულებისთვის”, – დასძინა მან.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური)