ერგნეთში IPRM-ის 133-ე შეხვედრა გაიმართა

1 week ago 44

ერგნეთში 23 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 133-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული „ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა „კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი“.

მათ „კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია“. ამასთან, განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ რეჟიმს დაეთმო.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენცია“. „ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – განაცხადა სუს-მა.

ერთობლივ განცხადებაში, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ მათ „დადებითად შეაფასეს ყველა მონაწილის განგრძობითი ერთგულება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მიმართ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მისი, როგორც უსაფრთხოების ისე კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების გადასაჭრელად არსებული პრაქტიკული პლატფორმის მნიშვნელობა“.

„მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ, რომელთა შორისაც იყო ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად დაბრკოლებების აღმართვა, სამხედრო წვრთნების ჩატარება და ფრენები. პირთა დაკავებების არსებული შემთხვევები კვლავ მთავარ საკითხად დარჩა. ყველა შემთხვევა იქნა განხილული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კი კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისა და დაზარალებულთა მიმართ ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე პრესრელიზის თანახმად, მონაწილეებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებზე. თანათავმჯდომარეები მიესალმნენ გადაკვეთის პუნქტების ლომისობის დღესასწაულზე გახსნას. მათ მხარი დაუჭირეს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენას და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული გადაადგილება ხელს შეუწყობდა კონფლიქტით დაზარალებული ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, უსაფრთხოებისა და საარსებო პირობების გაუმჯობესებას.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მონაწილეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რეგიონის „საჰაერო სივრცის დარღვევები“, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ „სანიტარული ღობეების“ მოწყობის საკითხი, ჩორჩანა-წნელისში ქართული საპოლიციო საგუშაგოს და ახალგორის მკვიდრის, თამაზ გოლოევის საქმე, რომელიც თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი რეგულარული შეხვედრა 2026 წლის 8 სექტემბერს გაიმართება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა