ერგნეთში 22 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 129-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
წინა შეხვედრების მსგავსად, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯა“.
სუს-ის ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა „მთავარი აქცენტი უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების საკითხზე გააკეთეს და ყველა მათგანის გათავისუფლება მოითხოვეს“. სამსახურის თქმით, განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს, ასევე, წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები.
შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში დაკავებულია 11 პირი და დაფიქსირდა ე.წ. ბორდერიზაციის ორი შემთხვევა. მისი თქმით, ინციდენტები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითთან და ოკუპირებულ სოფელ არცევთან მოხდა.
ერთობლივ განცხადებაში, თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ 2025 წლის უკანასკნელ შეხვედრაზე, მონაწილეებმა გამოხატეს მათი მადლიერება ფორმატის მიმართ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი ერთგულება მისი მომავალში გაგრძელების მიმართ.
„მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების კუთხით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კონფლიქტით დაზარალებული თემების წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და ელექტროენერგიის მიწოდების უზრუნველყოფა. დისკუსია ასევე შეეხო დაკარგული პირუტყვის შემთხვევების გადაწყვეტას ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის სწრაფი გაცვლის გზით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, „თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს წუხილი ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების აღქმაზე დაკავებების განგრძობითი პრაქტიკის შედეგად არსებული უარყოფითი ზეგავლენის გამო. თანათავმჯდომარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაღმა გადაადგილების გაზრდა ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და ადგილობრივ თემებში უსაფრთხოების განცდის გაძლიერებას“.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, IPRM-ის შეხვედრები სტაბილური და პროგნოზირებადი სიტუაციის შენარჩუნების ეფექტურ პლატფორმად რჩება.
IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 2026 წლის 4 თებერვალს გაიმართება.
This post is also available in: English

2 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·