საქართველოში კონფლიქტის შესახებ 30 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის გაგრძელება. კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
მინისტრთა კომიტეტი მიესალმა რეიკიავიკის დეკლარაციას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა წევრი სახელმწიფოების კოლექტიური მოთხოვნა, რომ რუსეთმა პატივი სცეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და შეწყვიტოს ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები. მინისტრებმა დაგმეს რუსეთის მიერ სამხედრო წვრთნების, ბორდერიზაციის საქმიანობის და ინტეგრაციის ხელშეკრულებების გაგრძელება ორივე რეგიონში.
კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, უკანონოა და არ გააჩნია იურიდიული ძალა. მან ასევე დაგმო ცხინვალის ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები“ და აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნები“.
2008 წლის ომიდან 16 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია „აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეშლას“, ნათქვამია გადაწყვეტილებაში და მაგალითად უკანონო სამხედრო ყოფნა, ადამიანის უფლებების დარღვევები და თემებს შორის ღობეებისა და ბარიერების აღმართვაა დასახელებული.
გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები, რომლითაც დადგინდა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა მძიმე დარღვევებისთვის, მათ შორის ეთნიკური ქართველების თვითნებური დაკავებისთვის, მკვლელობებისთვის, წამებისა და გადასახლებისთვის. აღსანიშნავია, რომ საბჭო მიესალმა 2023 წლის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს 130 მილიონი ევროს გადახდა დაევალა 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული ათასობით საქართველოს მოქალაქისთვის.
ასევე გაესვა ხაზი ჰუმანიტარულ საკითხებს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, სამედიცინო ევაკუაციის აკრძალვას, სახლების ნგრევას და ეთნიკური ქართველების სისტემატურ დისკრიმინაციას, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში.
საბჭომ მკაცრად დაგმო საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ქრისტინე თაკალანძის, გიორგი მოსიაშვილის და ირაკლი ბებუას (რომელიც 30 მარტს გაათავისუფლეს) უკანონო დაკავებები და გამოთქვა ღრმა შეშფოთება იმ შემთხვევების თაობაზე, რასაც სიკვდილი მოყვა, როგორიცაა გენადი ბესტაევის შემთხვევა.
საბჭომ გააკრიტიკა აფხაზეთში ნარკოდანაშაულისთვის სიკვდილით დასჯის დაწესება და შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების გამო.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივების მიმართ და ხაზი გაუსვა 2018 წლიდან გალში შეჩერებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის გადაუდებელ აუცილებლობას. მან ასევე მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა რეგიონებზე.
სხვა საკითხებთან ერთად, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, შექმნას პირობები ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის; შეწყდეს ოკუპირებული რეგიონების მაცხოვრებლების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა, უპირველეს ყოვლისა, ქართული მოსახლეობის მიმართ ეთნიკური საფუძვლით დისკრიმინაცია; დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკა, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს საქართველოს ორივე რეგიონში; შეწყდეს პირთა თვითნებური დაკავებები, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით და გაიხსნას „გამშვები პუნქტები“; დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ქრისტინე თაკალანძე, გიორგი მოსიაშვილი და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული; შეწყდეს განათლების უფლების დარღვევა სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებში, მათ შორის მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევა.
კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება და ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.
კომიტეტმა მოუწოდა გენერალურ მდივანს, გააგრძელოს სიტუაციის შესახებ ანგარიშების მომზადება და ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან და საქართველოსთან, რათა უზრუნველყოს მონიტორინგის ხელმისაწვდომობა და ანგარიშვალდებულება.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/11/2023 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
- 05/05/2022 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
- 13/05/2021 – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტის შესახებ
This post is also available in: English