ევროკომისიამ მოუწოდა „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას, შეცვალოს ამჟამინდელი ტრაექტორია, დაასრულოს მოქალაქეების მიმართ ძალადობა, გააუქმოს რეპრესიული კანონები და დაიწყოს დიალოგი პოლიტიკურ აქტორებთან. მოწოდება მას შემდეგ გაკეთდა, რაც Euroscope-მა ევროკომისიის პრესსამსახურს შეკითხვა გაუგზავნა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, სადაც ის „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს არ გამორიცხავდა.
28 აპრილს, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან საუბრისას, კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს ზომებს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების საპასუხოდ, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) გადახედვას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაყინვას.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ
კომისიის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და დე ფაქტო მიჰყავს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებისკენ. ამ ფონზე, ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც „მიმართულია არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისკენ“.
დახმარების შესახებ
კომისიამ დაადასტურა, რომ ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი დახმარება, რომლის ოდენობაც 120 მილიონ ევროს აღემატება; ასევე შეჩერებულია 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი 2024 წლისთვის ევროპის მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტის მეშვეობით. 2025 წელს რაიმე სახის მხარდაჭერის ღინისძიების გატარება არ იგეგმება. ამასთან, ევროკავშირი „აძლიერებს მხარდაჭერას“ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რა დროსაც დაფინანსება 5 მილიონი ევროდან 15 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
კომისიის თქმით, ის „ყურადღებით აკვირდება“ ბოლო საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე, ასევე ცვლილებების პროექტებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება.
პასუხისმგებლობის შესახებ
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მზად არის პასუხისმგებლობა დააკისროს იმ პირებს, რომლებიც ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.
მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „აქტიურად ეძებოს მიმდინარე კრიზისიდან გამოსავალი, აღადგინოს ნდობა და დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობის განმტკიცების კონკრეტულ ნაბიჯებზე“, ასევე „აჩვენოს რეალური და შეუქცევადი“ ერთგულება ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მიმართ.
კომისიის თქმით, ეს საჭიროებს ძალადობის შეწყვეტას მოქალაქეების წინააღმდეგ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებას, რეპრესიული კანონების შეჩერებას, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას და შინაარსიან დიალოგში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან, „არსებული კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2025 – ევროკავშირი: მიღებული კანონები არყევს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში
- 28/11/2024 – „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს დღის წესრიგიდან ხსნის
- 07/11/2024 – ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე გაფართოების საკითხებში მომავალი ევროკომისარი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე საუბრობს