შიდა ქართლში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ევროკავშირის დაფინანსებით საგანმანათლებლო პროექტები იწყება. გრანტები ავლევის, მეჯვრისხევის, ერგნეთის, ლამისყანას და მეფის ქალაქის სკოლებმა მიიღეს.
პროგრამას რეგიონში ორგანიზაცია “მანათი” ახორციელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნანა ლოთიშვილის თქმით, დაფინანსებული პროექტები საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურებოდა,
“პროექტების დაფინანსების მიზანი არის კონფლიქტით დაზარალებულ თემებს აღმოუჩინოს მხარდაჭერა, ეს არის უშუალოდ ევროკავშირის მიზანი. ჩვენი ორგანიზაციის მიზანი კი არის, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა და მიგვეცა რწმენა, რომ შეუძლიათ დადგნენ მყარად, რომ მათაც შეუძლიათ გააკეთონ პროექტები, იყვნენ აქტიურები და სხვადასხვა სასიკეთო ცვლილებებს შეუწყონ ხელი“, – გვითხრა ლოთიშვილმა.
ევროკავშირის დაფინანსებით:
- ლამისყანას და მეფის ქალაქის სკოლებში ეწყობა “მშვიდობის სახელოსნო”, რომელიც იქნება თავისუფალი სივრცე და ხელს შეუწყობს ეთნიკურად მრავალფეროვანი თემის საზოგადოების წევრების უფრო მეტად დაახლოვებას.
- მეჯვრისხევის სკოლა ახორციელებს პროექტს “ცოდნის სხივი მშვიდობის გზა არის”. პროექტის ფარგლებში შეიქმნება კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს თაობებს შორის ტოლერანტობის და პატივისცემის ჩამოყალიბებას.
- ერგნეთის სკოლა შეიძენს ლეპტოპებს. ავლევის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა “მშვიდობის ბაღი”, სადაც განთავსდება ფანჩატური და დაირგვება ვარდები. მშვიდობის ბაღში ჩატარდება ტრენინგები, შეხვედრები, გამოფენები და ფილმის ჩვენებები მშვიდობის თემებზე.
ინფორმაციისთვის, პროექტები ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, EU4Dialogue ინიციატივის ფარგლებში.