ევროკავშირი მზადაა იმუშაოს სირიასთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმებაზე - ლიეტუვის საგარეო

5 hours ago 3

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის პარლამენტთან, იმისთვის რომ გაუქმდეს ბაშარ ასადის დროს მიღებული გადაწყვეტილებები, კერძოდ ისინი, რომლებიც არღვევდა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლინობას.

"ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სირიის სახალხო საბჭოსთან (პარლამენტი) და იმუშაონ საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების დაცვაზე, ასადის დროს მიღებული იმ გადაწყვეტილებების გაუქმების გზით, რომლებითაც აღიარებულ იქნა უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა", - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

13 ივლისს სირიის სახალხო საბჭოს დამფუძნელებლი სესიის გამართვას, გუშინ 16 ივლისს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი.

მისი განცხადებით ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან ითანამშრომლონ სახალხო საბჭოსთან და მის წევრებთან, როგორც შესაძლებლობების გაძლიერებისა და კარგ მმართველობის მხარდასაჭერად, ისე ერთობლივი მიზნების მისაღწევად.

"მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პატივისცემის უზრუნველსაყოფად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაღრმავოთ ევროკავშირ-სირიის პარტნიორობა სირიელი ხალხის საკეთილდღეოდ, რათა წინ წავიწიოთ შესაძლო მომავალი ასოცირების შეთანხმებისკენ, ისევე როგორც სირიის სრული რეინტეგრაციისკენ ევროპულ-ხმელთაშუაზღვისპირეთის სივრცეში და გლობალური ვაჭრობისა და კავშირგაბმულობის ქსელებში", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება

კრემლის მოკავშირე ბაშარ ასადის რეჟიმმა 2018 წელს აღიარა საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობაც. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2025 წლის ივნისში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თურქეთს სთხოვეს შუამდგომლობა, რათა სირიამ გააუქმოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.

სირიის ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.

2022 წლის ივნისში გაწყვიტა უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები, მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმმა აღიარა რუსეთის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა".

ასადის ხელისუფლების დამხობიდან მალევე, 2024 წლის დეკემბრის ბოლოს სირიაში ჩავიდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა. მან დამასკში ვიზიტისას განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, კიევი მზად არის დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.

2025 წლის სექტემბერში კი უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთერთობები აღადგინა.

რადიო თავისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, ევროკავშირის ქვეყნების მიერ გამოხატული მზაობის შეფასებისთვის. უწყებიდან მიღებული პასუხი აისახება მასალაში.

სრულად წაკითხვა