ევროკავშირი 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას

3 months ago 29

ევროკავშირი მოლდოვას გაუწევს 20 მილიონი ევროს დახმარებას მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციისთვის.

24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ გამოყოფილი თანხა განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის მოკლე რადიუსის რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძენად.

მანამდე, 7 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა ფონდიდან 40 მილიონი ევროს გამოყოფა მოლდოვის ქვეითი ჯარების მობილობის მხარდასაჭერად და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონტროლის გასაძლიერებლად.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უსაფრთხოების სფეროში მოლდოვის უპირველესი პარტნიორია და დახმარება მიმართულია მშვიდობისა და ხალხის დასაცავად, არმიის მოდერნიზაციისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად მოლდოვის ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით.

კალასის ინფორმაციით, 2025 წელს მოლდოვა „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ მიიღებს საერთო ჯამში, 60 მილიონ ევროს, 2021 წლიდან გაწეული დახმარება კი თითქმის 200 მილიონს მიაღწევს.

ევროკავშირი წევრობის კანდიდატ მოლდოვას დახმარებას უწევს გასამკლავებლად იმ პრობლემებთან, რომლებსაც უკრაინის მეზობელი ქვეყანა აწყდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად.

ევროკავშირის მიზანია რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე მოლდოვამ განიმტკიცოს მდგრადობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.

„ევროპის მშვიდობის ფონდი“ 2021 წლის მარტში შეიქმნა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მოლდოვამ ფონდიდან უკვე მიიღო დახმარების შვიდი პაკეტი.

სრულად წაკითხვა