ევროვიზია 2026 დღეს, 12 მაისს, პირველი ნახევარფინალით აიღებს სტარტს ავტრიის დედაქალაქ ვენაში. საიუბილეო, რიგით 70-ე კონკურსში წელს 35 ქვეყანა მონაწილეობს.
პირველ საკონკურსო საღამოს სცენაზე გამოვა საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“. ტრიო – მარიამ კიკუაშვილი, გიორგი შიოლაშვილი და მარიამ თათულაშვილი – კონკურსზე წარდგება სიმღერით On Replay, რომლის ავტორია გიგა კუხიანიძე. ქართული ჯგუფი პირველ ნახევარფინალში მე-6 ნომრად გამოვა.
კონკურსის ფორმატის მიხედვით, ევროვიზიის წლევანდელი მასპინძელი ავსტრია და ე. წ. „დიდი ხუთეულის“ 4 ქვეყანა – გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია და საფრანგეთი – ავტომატურად ხვდებიან ფინალში (მეხუთე ქვეყანამ – ესპანეთმა წლევანდელ ევროფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მისცა. ამავე მიზეზით წლევანდელ კონკურსში არ მონაწილეობენ ისლანდია, ირლანდია, ნიდერლანდები, სლოვენია). დანარჩენი ქვეყნები ორ ნახევარფინალში არიან განაწილებულები. პირველ ნახევარფინალში 15 ქვეყანა გამოვა, საიდანაც მხოლოდ 10 მიიღებს ფინალის საგზურს.
წელს ხმის მიცემის წესებიც შეიცვალა. 2022 წლის შემდეგ პირველად, ფინალისტებს ტელემაყურებელთან ერთად კვლავ შეაფასებს პროფესიული ჟიური. ამასთან, თითოეულ ქვეყანაში ჟიურის შემადგენლობა ხუთიდან შვიდ წევრამდე გაიზარდა და სავალდებულო გახდა, რომ მათ შორის ორი 18-იდან 25 წლამდე ასაკის იყოს. მაყურებლისთვის დაწესდა ახალი შეზღუდვაც – ერთი ტელეფონის ნომრიდან მაქსიმუმ 10 ხმის მიცემა იქნება შესაძლებელი.
ნახევარფინალის შედეგები კონკურსის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. შოუს მიმდინარეობისას ფინალისტები შემთხვევითი რიგითობით დასახელდებიან.
ბუქმეიკერების პროგნოზები
ბუქმეიკერების შეფასებით, საქართველოს პოზიციები შედარებით სუსტია: ქვეყანა პირველ ნახევარფინალში ბოლოდან მეორე, მე-14 ადგილზეა. პროგნოზები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც 6 მაისს რეპეტიციის ვიდეოს ფრაგმენტი გავრცელდა – ამ პერიოდიდან საქართველოს ფინალში გასვლის შანსი 66%-იდან 32%-მდე შემცირდა.
თუმცა ევროვიზიის გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი პროგნოზები ყოველთვის არ მართლდება. მაგალითად, ლატვია 2024 წელს ფინალში გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ბუქმეიკერები მას ბოლო ადგილზე მოიაზრებდნენ, ხოლო პორტუგალია 2025 წელს ფინალში მოხვდა ანალოგიური დაბალი შეფასების მიუხედავად.
ბუქმეიკერები წლევანდელ კონკურსში ფინეთს უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას (34%), მეორე ადგილზეა საბერძნეთი (21%), მესამეზე – დანია (10%).
ფანების განწყობა შედარებით ოპტიმისტურია. პოპულარულ აპლიკაციაში My Eurovision Scoreboard საქართველო ნახევარფინალისტებს შორის მე-7 პოზიციაზეა, რაც ფინალში გასვლის შანსს გულისხმობს. ასევე, ევროვიზიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პლატფორმამ, Wiwibloggs-მა, „ბზიკები“ წლევანდელ ფავორიტთა ათეულშიც კი შეიყვანა.
რეპეტიციის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჯგუფის სცენოგრაფიამ, მათ შორის, ეკრანზე ნაჩვენებმა კიბორგული „კლონების“ ვიზუალმა, რომელმაც დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელებში. კრიტიკის საპასუხოდ, ჯგუფმა განმარტა, რომ ვიზუალური მასალა მთლიანად ადამიანების მიერ არის შექმნილი და თემატიკა ეხმიანება სიმღერის კონცეფციას, რომელიც „ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ეპოქაში ადამიანის როლს ეხება“.
პირველი ნახევარფინალი თბილისის დროით დღეს, 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
ჩვენი პროგნოზი
ბუქმეიკერების სკეპტიციზმის მიუხედავად, ფანების მხარდაჭერა, კონცეფციის აქტუალობა და სცენური გადაწყვეტა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ „ბზიკები“ ფინალში გასვლას შეძლებენ – ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება სცენაზე ცოცხალი შესრულება.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე: გაიმართა საკონკურსო სიმღერის პრემიერა, რომლითაც „ბზიკები“ ევროვიზიაზე წარდგებიან (ვიდეო)

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·