დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია დაასანქცირა

3 weeks ago 35

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 26 მაისს განაცხადა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა საქართველოში რეგისტრირებულ სამ კომპანიას, რომლებიც „რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს მართავენ და სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ“. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

სანქცირებული კომპანიებია შპს „არვიქს“, შპს „რაპირა გრუპ“ და შპს „ეიაიფორი“. არცერთი მათგანი ან მათი მფლობელები ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სასანქციო სიაში მითითებული სუბიექტები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს, ხოლო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია, რასთან დაკავშირებითაც „უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები“. სამსახურის თქმით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „ეიაიფორი“ თბილისში 2023 წლის 22 ივნისს დარეგისტრირდა. თავდაპირველად კომპანიის მფლობელი გიორგი ნუცუბიძე იყო, ხოლო 2024 წლის მონაცემებით, მის მფლობელად მიხეილ გევორქიანია მითითებული.

შპს „არვიქს“ თბილისში 2023 წლის 26 ოქტომბერს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი დავით ნუცუბიძეა, ხოლო ამჟამინდელი მფლობელი თამაზ გარაევია. ამ პირების შესახებ სხვა საჯარო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

შპს „რაპირა გრუპ“ 2022 წლის 9 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი დირექტორი ილიას აჰაევი იყო. 2026 წლის მაისის საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბიზნესის ყველა მოქმედი ფიზიკური პირი და კომპანია ვალდებულია დარეგისტრირდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად (VASP) და დაიცვას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო რეგულაციები. ამჟამად, საქართველოში VASP-ებად 39 სუბიექტია რეგისტრირებული.

სანქციების კომენტირებისას, ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სამივე კომპანია არ წარმოადგენდა მის მიერ რეგულირებულ სუბიექტებ. ბანკმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 2025 წლის სექტემბერში შეიტყო, რომ კომპანიები შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ, მან „მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებს და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები“.

27 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ „ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ“.

უწყების თქმით, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო „დანაშაულის ორგანიზატორ“ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპს“, საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, „ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს“. უწყების ინფორმაციით, მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და „მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა