ბოლო დღეებში დანიის აეროპორტებისა და სამხედრო ობიექტების რაიონებში რამდენჯერმე დააფიქსირეს უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები.
1 ოქტომბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოს ლიდერთა არაფორმალური სამიტი, მისი დასრულების შემდეგ კი - ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები.
გერმანია დანიაში აგზავნის დრონების აღმოჩენის, იდენტიფიკაციისა და მათგან დაცვის სისტემებით აღჭურვილ 40-მდე სამხედროს. კოპენჰაგენის მახლობლად ზღვაში იმყოფება გერმანიის სამხედრო გემი „ჰამბურგიც“, რომელიც ბალტიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატოს მიერ დაწყებულ ოპერაციაში მონაწილეობს.
შვედეთმა დანიაში გაგზავნა რამდენიმე რადიოლოკაციური სისტემა და მათ საჰაერო თავდაცვის საშუალებებითაც შეავსებს. კოპენჰაგენში გაგზავნეს შვედი პოლიციელების კონტინგენტიც. დრონებთან საბრძოლველად საფრანგეთი დანიაში აგზავნის 35 სამხედროს და ვერტმფრენს Fennec.
22 სექტემბერს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის აეროპორტის რაიონში დრონების დაფიქსირების გამო ასამდე რეისი გაუქმდა, გადაიდო ან სხვა აეროპორტებისკენ გაიგზავნა.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ ეს იყო ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე ყველაზე სერიოზული თავდასხმა. დანიის მთავრობა ინციდენტთან რუსეთის კავშირს არ გამორიცხავს. კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.
24 სექტემბერს დანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, დროებით დაეხურა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ოლბორგის აეროპორტიც მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცეში დრონები დააფიქსირეს. ამ აეროპორტს დანიის სამხედრო-საჰაერო ძალებიც იყენებენ.