დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

3 hours ago 4

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი მთავარ საკითხზე უნდა კონცენტრირდეს, რაც, მისივე თქმით, “რეჟიმის ჩამოშლაა”.

“დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამოქალაქო აქტივისტს პოლიტიკოსსა და მოქალაქეს მხარდაჭერისთვის.

მინდა, ყველას თხოვნით მოგმართოთ – ყველამ დავივიწყოთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი. ეს ბიძინა ივანიშვილს ბერკეტს აძლევს, ჩვენზე გავლენა და შანტაჟი მოახდინოს. მე დასახსნელი არ ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია. მე ვიქნები თავისუფალი ყველა პატიმართან ერთად, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. არცერთ ვითარებაში ბიძინაზე დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ. თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად. აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას, ამაზე არ იდარდოთ. ვკონცენტრირდეთ მთავარზე – რეჟიმის ჩამოშლაზე.

ამ თვალსაზრისით, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – 20 ივნისი, როდესაც რუსებმა ნათლად დაინახეს ქართველი ხალხის მრისხანება, ჩვენი შეურაცხყოფის შედეგად. დაზარალდნენ ადამიანები და მათ შორის, მათთვისაც გრძელდება ბრძოლა. კიდევ ერთხელ ჩემი მხარდაჭერა რეჟიმის ყველა ტყვეს და მადლობა სოლიდარობისთვის”. – წერს ხოშტარია.

ხოშტარია წერილში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, ციხეში შიმშილობას იწყებს იქამდე, სანამ ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება.

“პირველ რიგში, სრული მხარდაჭერა და თანადგომა 4 ოქტომბრის სრულიად უნამუსო და უკანონო საქმეზე მისჯილებს. ბატონ გოგი ჩახუნაშვილს, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემს ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებულ სიყვარულს ვუგზავნი.

უკიდურესად შეწუხებული ვარ ზაქრო ალბუთაშვილის მდგომარეობით. ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და ძალიან გთხოვთ, დასუსტების, შიმშილობის ნაცვლად, პირიქით, ვიმკურნალოთ, გავძლიერდეთ და ისე ვიბრძოლოთ”. – წერს ხოშტარია.

სრულად წაკითხვა