„დავჯარიმდი ავტომობილის გაჩერებისთვის... ავტომობილი არ მყავს“ - შსს-ს სახელით SMS-ები იგზავნება

3 months ago 35

სოცოალურ ქსელ „ფეისბუკში“ მომხმარებლები წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის ჯარიმებს იღებენ, თუმცა მათ სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ ჰყავთ. 

„ფეისბუკში“ მოქალაქეები წერენ:

  • „8 მარტს დავჯარიმდი მანქანის არასწორი გაჩერებისთვის, 5000 ლარით. P.S. არ მყავს მანქანა“;
  • „როგორც ჩანს ახლა მანქანებზე გადავიდნენ“, „არ მყავს მანქანა“...

„ირაკლი ქერაშვილის და ვარ, ერთ-ერთი სინდისის პატიმრის. ეს ყველაფერი ჩვენს შესაშინებლად და უკან დასახევად კეთდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთუნა ქერაშვილმა, რომელმაც პოლიციიდან მიიღო შეტყობინება.

შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს წერია, რომ მათ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. ამ მუხლით ადამიანს აჯარიმებენ „მანიფესტაციების შესახებ კანონის“ დარღვევისთვის - სახის ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა ან გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ა.შ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდის“ დამფუძნებელი, გიორგი ტუმასიანი ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეში“ წერს, რომ დემონსტრანტების დასაჯარიმებლად პოლიცია იყენებს ავტომობილებისთვის განკუთვნილი SMS-ქვითრის შაბლონურ ვერსიას. სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც პროევროპული აქციის მონაწილეებს მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მისდით.

საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების მიმდინარეობის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრანტების შესაზღუდად არაერთი კანონი მიიღო: გაზარდა ჯარიმები, აკრძალა ლაზერების, ნიღბებისა და პიროტექნიკის გამოყენება.

„გზის ხელოვნურად გადაკეტისთვის“ ასობით ადამიანი დააჯარიმეს, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებდნენ.

სრულად წაკითხვა