„გულწრფელად ვულოცავ ნიკუშორ დანს რუმინეთის პრეზიდენტად არჩევას. მას ყველანაირ წარმატებას ვუსურვებ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებაში“, - წერს კობახიძე პლატფორმა X-ზე.
„მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებს იგი.
- 2024 წლის 17 დეკემბერს - საპროტესტო დემონსტრაციებისა და სანქცირებაზე მოწოდებების ფონზე, - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პერსონალური სანქციების დაწესება ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ (უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა) დაბლოკა და მათ მადლობა გადაუხადა;
- ეს ცნობა ერთმანეთის მიყოლებით უარყვეს ესპანეთმა, იტალიამ და რუმინეთმა.
- მეორე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ქვეყნებმა ზეწოლის შემდეგ შეცვალეს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბუქარესტის მერმა, პროევროპელმა ლიბერალმა ნიკუშორ დანმა დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს - 46,40%.
ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჯორჯე სიმიონმა დამარცხება აღიარა, ნიკუშორ დანს მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი იყო რუმინელი ხალხის ნება.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი რუმინეთის ახალი პრეზიდენტი, 55 წლის ნიკუშორ დანი განათლებით მათემატიკოსია. 2020 წლიდან პრეზიდენტად არჩევამდე ბუქარესტის მერი იყო. დანი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობდა.
საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკუშორ დანის მეტოქე, 38 წლის ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი ევროკავშირისა და უკრაინისადმი კრიტიკულად განწყობილი და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იდეების მიმდევარი პოლიტიკოსია.
თუ ხუთი წლის წინ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ჯორჯე სიმიონეს ნაციონალისტურმა პარტიამ ხმების მხოლოდ 9% მიიღო და ეს შედეგი სენსაციად შეფასდა, 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვებით, სიმიონეს რეიტინგი 47%-ს აჭარბებდა და მან არჩევნებშიც პრაქტიკულად, ეს შედეგი აჩვენა.