გორის მერიამ პიარში 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა – რა მიიღო მოსახლეობამ, ინფორმაცია თუ არაეფექტური ხარჯი?

2 weeks ago 8

გორის ამჟამინდელი თვითმმართველობის მანდატი 2025 წლის ოქტომბერში სრულდება. ამ ვადის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე როგორც განხორციელებული პროექტების შედეგების, ისე ამ საქმიანობის პოპულარიზაციისთვის დახარჯული თანხების შეჯამება. კონკრეტულად კი იმის გაანალიზება, თუ რა უჯდება წლიდან წლამდე მუნიციპალიტეტს, ერთის მხრივ საზოგადოებასთან ინფორმაციის მიტანა და მეორეს მხრივ მერიის საქმიანობის რეკლამა.

ამასთან, საინტერესოა რა შინაარსის ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება გორის მოსახლეობას და შეესაბამება თუ არა ეს ყველფერი მოქალაქეთა ინტერესებს და რეალურ საჭიროებებს?

გორის მერია წლებია საკუთარ საქმიანობაზე თავად საუბრობს და ამისთვის ბიუჯეტიდან თანხებსაც იხდის. ვიდრე მოქალაქე თავად შეაფასებს რამდენად ეფექტური და შედეგიანი იყო ესა თუ ის პროექტი, მერია ამას მანამდე არეკლამებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარსაც ხარჯავს.

NEO TV – ს მიერ ღია წყაროებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის იანვრიდან დღემდე გორის მერიამ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის მიმართულებით, ჯამში 1 075 373 ლარი დახარჯა. ეს თანხა გადანაწილებულია, როგორც ამ მიმართულებით შტატით დანიშნული თანამშრომლების ხელფასებზე, ვებგვერდზე და გაზეთზე, ისე შერჩეული ახალი ამბების სააგენტოების დაფინანსებასა და Facebook გვერდის რეკლამირებაზე.

მაგალითად, 2022-2025 წლებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისთვის, რომელსაც 4 თანამშრომელი ჰყავს, ჯამში 343 056 ლარი დაიხარჯა:

გორის მერია შიდა რესურსების გარდა, წლების განმავლობაში “ინფორმაციის გავრცელების” მიზნით, შერჩულ მედიასაშუალებებსაც აფინანსებს, რისთვისაც ამჟამინდელმა თვითმმართველობამ ჯამში 2022-2025 წლებში 21 845 ლარი დახარჯა (ძირითადი კონტრაქტორები: შპს “ახალი ამბები” (ipn.ge) და შპს “ფრონტ ნიუსი“). ხოლო სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან , ამავე პერიოდში გადახდილმა თანხამ ჯამში, 325 072 ლარი შეადგინა.

ეს ხარჯვა წარმოშობს ლეგიტიმურ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ეფექტიანად იყენებს გორის მუნიციპალიტეტის მერია მის ხელთ არსებულ საინფორმაციო რესურსებს – მათ შორის, ოფიციალურ ვებგვერდს (gori.gov.ge), გაზეთს, საიტს (gmnews.ge) და სოციალური ქსელის გვერდს — საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.

გაზეთი “გორის მაცნე” – მერიის “შიდა მედიაა”, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციას ავრცელებს, 2022-2025 წლებში ის 385 400 ლარითაა დაფინანსებული. 2022 წელთან შედარებით, გამოცემის ბიუჯეტი, ამჟამად 41.8 ათასი ლარით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ გორი ერთადერთი მუნიციპალიტეტია შიდა ქართლში, რომელიც მსგავსი მომსახურებისთვის თანხებს ხარჯავს. ქარელის, კასპის და ხაშურის მუნიციპალიტეტებს 2022 წლიდან დღემდე რეკლამირებისა და PR კამპანიისთვის თანხები არ დაუხარჯავთ და ისინი ამ მიზნით მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებს აფინანსებენ.

რას იღებს მოსახლეობა ამ ხარჯის სანაცვლოდ?

გორის მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებული ხარჯები, რაც 2022 წლიდან დღემდე 1 მლნ ლარს აღემატება, ტოვებს გარკვეულ კითხვებს ამ მიმართულებით ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, არსებობს თუ არა უკუკავშირი ან რაიმე სახის შეფასების სისტემა, რომელიც რეალურად გამოავლენდა, რამდენად შედეგიანია თითოეული ხარჯი და უზრუნველყოფს თუ არა გაღებული თანხები მოქალაქეების ინფორმირების დონის და ჩართულობის გაზრდას მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის პროცესში.

თუ ამ ყველაფერზე არ არსებობს შეფასების დოკუმენტი, მაშინ გამოდის, რომ ათიათასობით ლარი წლების განმავლობაში, ადმინისტრაციული რესურსის თვითპიარისთვის იხარჯება და არა მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის. მაგალითად, ადგილობრივებისთვის იმის განმარტება, თუ რატომ ვერ ესწრება დაგეგმილი პროექტების დასრულება კონკრეტულ ვადებში ამა თუ იმ დასახლებებში, როგორ არის შესაძლებელი მოქალაქეთა ჩართულობა აუთვისებელი ნაშთების გადანაწილების პროცესში და ა.შ. ანუ ისეთი საკითხებით ინფორმირება, რომლებსაც დემოკრატიული პრინციპების დაცვა და გამჭვირვალობა ითვალისწინებს.

განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ათეულობით ათასი ლარის გადარიცხვა კერძო საინფორმაციო სააგენტოებში, მაშინ როდესაც იგივე რესურსი შეიძლება მოხმარდეს ღია და ინკლუზიური პლატფორმების განვითარებას, სადაც მოქალაქეებს ექნებათ არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა, არამედ უკუკავშირით, მოქალაქეთა რეალური ჩართულობის საშუალება.

საბოლოო ჯამში, სწორედ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ ამ ბიუჯეტური დანახარჯები – ეს თანხები მათი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდას ემსახურება თუ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების პოზიტიური იმიჯის შენარჩუნებას?

სრულად წაკითხვა