გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 300 000-ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა შპს “ალონისს”, რომელიც ქარელის მერიის მოთხოვნით, შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში” შეიტანა – მიზეზი კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებაა.
შპს “ალონისმა” გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის მეურნეობაში და არაშენდაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღნიშნული კომპანიის გარდა, 6 სხვა კომპანიაც იღებდა მონაწილეობას.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 344 220 ლარს შეადგენდა. მერიას ყველაზე იაფად აღნიშნულ მომსახურებას კომპანია “თამარაშენი 2008” სთავაზობდა, თუმცა მერიამ ამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა და გამარჯვებულად გამოაცხადა “ალონისი”.
სატენდერო კომისიას სიმონ გულედანი, გორის მერის მაშინდელი მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობდა. გულედანის გადაწყვეტილებით, უწყებასა და კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს, “ალონისი” უკვე გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში იყო. აღნიშნულ სიაში შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს შეჰყავს ის კომპანიები, რომლებმაც წარსულში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად შეასრულა.
გასულ წელს, “ალონისმა” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. კომპანიას სოფელ ქვენაფლავში მინი სტადიონი უნდა მოეწყო, ხელშეკრულების ღირებულება კი, 61 075 ლარს შეადგენდა.
2024 წლის 22 ნოემბერს, ქარელის მერიამ შესყიდვების სააგენტოს აცნობა, რომ “ალონისმა” ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა. კონკრეტულად, ქარელის მერიის ცნობით, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, თუმცა არაჯეროვნად და მოცულობების ნაკლებობით.
“ალონისმა” თავის მართლება სცადა, თუმცა შესყიდვების სააგენტომ ის გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში მაინც შეიტანა. ქარელის მერიის აღნიშნული ტენდერში კი დღემდე მონიშნულია, როგორც “შეუსრულებელი ხელშეკრულება”.
აღნიშნული წინაპირობა გორის მუნიციპალიტეტის მერიისთვის არ აღმოჩნდა შემაფერხებელი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება – 2025 წლის მარტში დასრულდა რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა “ალონისსა” და გორის მერიას შორის. სასამართლომ გადაწყვეტილება “ალონისის” სასარგებლოდ მიიღო. კომპანია ბიუჯეტიდან 232 744 ლარს ითხოვდა, რომელიც მისი მტკიცებით შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ ეკუთვნოდა. სასამართლომ მერიას “ალონისისთვის” 143 321 ლარის გადახდა დააკისრა.