გორის ბავშვთა გუნდი, რომელსაც 5 ივლისს, Tbilisi Open Air-ის მთავარ, AlterVision-ის სცენაზე, მუსიკოს ალექსანდრე კორძაია (სასცენო სახელით Kordz) SECURITY-ისთან და Mechanical Rainbow-სთან ერთად, რამდენიმე ნომერი უნდა შეესრულებინა, Open Air- ზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.
ინფორმაცია ამის შესახებ, დაგეგმილ წარმოდგენამდე, 3 დღით ადრე გაავრცელა გორის ბავშვთა გუნდის ფეისბუკის გვერდმა, სადაც წერია, რომ გუნდი Open Air-ზე მონაწილეობას „ხელმძღვანელის [თეონა ცირამუა რ.თ.] პირადი და გადაუდებელი პრობლემის გამო“ ვეღარ მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უდასტურებს ალექსანდრე კორძაიას პიარ მენეჯერი მარიამ მაღულარიაც. მისი თქმით, გორის ბავშვთა გუნდმა განცხადება Open Air-ის სცენაზე სიმღერაზე უარის თქმის შესახებ მას შემდეგ გაავრცელა, რაც მუსიკოს “კორძის” ფეისბუკის გვერდზე ერთობლივი რეპეტიციის ვიდეო გავრცელდა და რასაც ათასობით რეაქცია მოჰყვა.
მისი ინფორმაციით, Kordz-ი გორის ბავშვთა და ქალთა გუნდის ხელმძღვანელთან, თეონა ცირამუასთან 2020 წლიდან თანამშრომლობს.
„ბავშვები იყვნენ ძალიან ბედნიერები, მონდომებულები. რეპეტიციები მიმდინარეობდა სრული დატვირთვით. ერთ-ერთი ბოლო რეპეტიციიდან გადაღებული ვიდეო ჩვენს ფეისბუკის გვერდზე გამოვაქვეყნეთ პირველ ივლისს და რამდენიმე საათში, ალექსანდრეს დაუკავშირდა გორის ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა და უთხრა, რომ გუნდი ვეღარ მიიღებდა წარმოდგენაში მონაწილეობას მისი პირადი პრობლემებიდან გამომდინარე. სხვა დეტალები აღარ დაუზუსტებია.
აღმოვჩნდით გამოუვალ სიტუაციაში, რადგან გუნდთან ერთად სცენაზე რამდენიმე კომპოზიცია უნდა შესრულებულიყო, მათ შორის “კორძისთან” ერთად უნდა ემღერათ „ცა-ფირუზ ხმელეთ ზურმუხტო“... საბოლოოდ, სტუდია „ანა-ბანას“ ბავშვები გამოვლენ Open Air-ის სცენაზე. სამწუხაროა, რომ ერთობლივი კონცერტი ასე, კონკრეტული მიზეზის გამო გაუქმდა გორის ბავშვთა გუნდისთვის. ვიცით, რომ ბავშვები ძალიან ელოდნენ სცენაზე გამოსვლას და მთელი გულით ემზადებოდნენ კონცერტისთვის. ვერ გეტყვით “, - უთხრა რადიო თავისუფლებას მარიამ მაღულარიამ.
ერთობლივი რეპეტიციის ვიდეოებს, კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმამდე ერთი დღით ადრე, სოციალურ ქსელში აზიარებდა დირიჟორი თეონა ცირამუაც.
რადიო თავისუფლებამ თეონა ცირამუასთან დაკავშირება და მისი პოზიციის მოსმენა, ამ ეტაპზე, ვერ მოახერხა.
მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, ერთ-ერთია პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერ მუსიკოსებს შორის. გასული წლის 8 ივლისს, მას ქუჩაში უცხო პირები დაესხნენ თავს. იმ პერიოდში, საპროტესტო აქციების სიმბოლოდ ქცეული სიმღერის, „ოლე ოლას“ შესრულების გამო, რომელსაც Kordz-იც ასრულებდა, უცხო პირები რამდენიმე მუსიკოსს გაუსწორდნენ ფიზიკურად. თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე დადგენილი არ არის.
სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ გორის ბავშვთა გუნდის წარმოდგენა Open Air-ზე, მუსიკოს Kordz-ისთან ერთად, სავარაუდოდ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ზეწოლის შედეგად ჩაიშალა.
გორის ბავშვთა გუნდი რამდენიმე წელია მონაწილეობს სხვადასხვა კონცერტში. 2018 წელს გუნდი მონაწილეობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტში „X ფაქტორი“.

7 hours ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·