გორელ აქტივისტებს, რომლებსაც არანაირი ორგანიზაცია არ აქვთ, ანტიკორუფციულმა სააგენტომ უჩივლა.
„ახლახანს დამირეკეს სასამართლოდან. ანტიკორუფციული სააგენტო მიჩივის იმაზე, რომ თურმე მე ვყოფილვარ “ფარის” და “ერთობის” წევრი. მე გეტყვით, რომ არ ვარ წევრი არცერთი ამ ორგანიზაციის, მეტიც, არასდროს არ მიგვიღია არანაირი თანხა, მეტიც არც რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი ვყოფილვარ ოფიციალურად. კიი ვუჭერ მხარს ოპოზიციას, მაგრამ ეს დანაშაულია? ვარ სამოქალაქო აქტივისტი. ზეპირი მოსმენით განუხილია ეს საქმე მოსამართლე ნინო გერგაულს, რომელმაც არ მიიღო ეს საჩივარი. ამიტომ, რაჟდენ კუპრაშვილმა გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა თეონა ფანქველაშვილმა.
აქტივისტების ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
“მიიჩნიეს, რომ აქტივისტები არიან გაცხადებული პოლიტიკური მიზნის სუბიექტები, თუმცა სასამართლომ ცხადად განმარტა, რომ გაცხადებული პოლიტიკური მიზნის სუბიექტის განმარტებაში აუცილებელია არსებობდეს ორი პირობა – ერთი, რომ პოლიტიკური განცხადებები ჰქონდეს გაკეთებული ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ და ამასთან, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოხატული კონკრეტულ პირს არჩევნების გზით, ამა თუ იმ თანამდებობაზე არჩევის სურვილი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მტკიცებულებები არ არსებობს, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და უარი უთხრა ანტიკორუფციულს იმ უსაფუძვლო მოთხოვნებზე, რომელიც უწყებამ წარადგინა სასამართლოში.
მოთხოვნები კი, სამწუხაროდ არის საშიში იმდენად, რამდენადაც ბიურო ითხოვს სრულ წვდომას საბანკო ანგარიშების ყველა ტრანზაქციაზე, რაც ერთი მხრივ არის დაუსაბუთებელი. მას უნდა ჰქონდეს დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა ტიპის ტრანზაქციები აინტერესებს. აქ საშიში ის არის, რომ ბიურო ფიქრობს, რომ შეუძლია ნებისმიერი მოქალაქის ინფორმაცია გამოითხოვოს ამ საფუძვლით“, – აცხადებს ლექსო მერებაშვილი.