„ლივერპულის“ ყოფილი მეკარე, იერჟი დუდეკი, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გიორგი მამარდაშვილისა და ალისონ ბეკერის კონკურენციას შეეხო. პოლონელის აზრით, მერსისაიდელები მეკარის პოზიციაზე გამყარებულები არიან და მომავალ სეზონში სერიოზული პრობლემები არ ექნებათ.
„დღევანდელი მდგომარეობით, „ლივერპულს“ ორი უმაღლესი კლასის კიპერი ჰყავს. ეს ასე იყო გასულ სეზონშიც – კელეჰერი, როცა შესაძლებლობა ეძლეოდა, შესანიშნავად ასრულებდა საქმეს. წინ რთული სეზონია, ბევრი მატჩით, და აუცილებელია, რომ გუნდს ორი სანდო მეკარე ჰყავდეს,“ – აღნიშნა დუდეკმა.
მისივე თქმით, ალისონი ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და გუნდის მთავარი არჩევანია, თუმცა მამარდაშვილსაც აქვს პოტენციალი, რომ პრემიერლიგაში მაღალ დონეზე იასპარეზოს: „გიორგის ყველა საჭირო უნარი აქვს, რომ სანდო შემცვლელად იქცეს. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ახალ გარემოსთან შეგუებისთვის – ინგლისის ჩემპიონატი სწრაფია, მეკარეებზე ზეწოლა დიდია, განსაკუთრებით ბურთის ფეხით კონტროლის კუთხით. ასევე განსხვავებულია მსაჯობა, რაც თამაშზე პირდაპირ გავლენას ახდენს.“
პოლონელი მიიჩნევს, რომ „ლივერპულისთვის“ საუკეთესო სცენარი ორივე მეკარის მაღალ დონეზე თამაშია: „თუ ალისონი თავის დონეს შეინარჩუნებს, გიორგი უნდა ეცადოს, მასთან მიაღწიოს იგივე დონეს. ახლა ის მეორე ნომერია, მაგრამ შანსის მიღებისას აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ჯერჯერობით მათ შორის ურთიერთობა შესანიშნავია, და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება, რადგან სეზონში ბევრი მატჩია და მეკარეების როტაცია გარდაუვალია.“