ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში კიდევ ერთხელ დაიწყო სრული შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ჩიკვაიძის დედა, ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. დედისავე ინფორმაციით, ჩიკვაიძე პენიტენციურ სამსახურს არ ენდობა, საკვებით მოწამვლის შიში აქვს და ამის გამო ის მუდმივად გარედან ოჯახის მიერ შეგზავნილი საჭმლით იკვებებოდა.
"სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უფლება დართო ოჯახს საკვების მიწოდებაზე, რაც უპრობლემოდ სრულდებოდა დღემდე.
თუმცა დღეს ჩემს მიერ მიტანილი საკვების შეტანაზე #18 პენიტენციურმა დაწესებულებამ განმიცხადა უარი, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, პასუხი არ ჰქონდა არც ცხელს ხაზს და არც ადგილზე მოქმედ ამანათების გადაცემის სამსახურს.
ხაზგასმით მინდა განვაცხადო რომ ეს არ იყო კავშირში უქმე დღესთან, რადგან გასულ შაბათს უპრობლემოდ შეგვატანინეს" - წერს ჩიკვაიძის დედა. მისი ვაჟისთვის საკვების მიწოდების შეზღუდვის შესახებ ინფორმირებულია სახალხო დამცველიც. ჩიკვაიძემ შიმშილობა სავარაუდოდ სწორედ საკვების მიწოდების შეზღუდვის გამო დაიწყო.
გიორგი ჩიკვაიძე პატიმრობაში 11 მარტის შემდეგ იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ მას 9-წლიანი, ხოლო ჩიკვაიძის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძესა და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებოდა. თავად ჩიკვაიძე თავს ხელისუფლების მხრიდან დევნის მსხვერპლად და პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.
ჩიკვაიძემ დაკავების შემდეგ, 12 მარტიდან ერთხელ უკვე იშიმშილა 30 დღის განმავლობაში - ამ დროის განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და პატიმარს ეტლი დაჭირდა გადაადგილებისთვის.