გიორგი ფოცხიშვილი – ქართული ცეკვიდან მსოფლიო ბალეტის მწვერვალზე ქართველი ბალერონი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ

3 weeks ago 2

გიორგი ფოცხიშვილი - ქართული ცეკვიდან მსოფლიო ბალეტის მწვერვალზე„ადამიანი, რომელმაც გრავიტაციას აჯობა“, „მფრინავი ქართველი“ – ასე ამკობენ ქართველ ბალერონს, გიორგი ფოცხიშვილს, რომელიც ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტია. 23 წლის ქართველ ხელოვანს ხშირად ვახტანგ ჭაბუკიანსაც ადარებენ.

გიორგი ფოცხიშვილი ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია – ოჯახი 60 წელია, ამ საქმეს ემსახურება. მისი ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი, ანსამბლ „მეტეხის“ დამაარსებელი გახლდათ. მშობლებმა, მაია კიკნაძემ და გელა ფოცხიშვილმა, საკუთარი სტილი ჩამოაყალიბეს და ცეკვის აკადემია დაარსეს.

გიორგიმ ცეკვა სულ პატარა ასაკიდან დაიწყო, ასრულებდა ტრადიციულ ქართულ ცეკვებს ოჯახის ანსამბლში. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა შესთავაზეს, ბალეტში ეცადა ძალები. ამ ნაბიჯს განსაკუთრებით დედა უჭერდა მხარს, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლა აქვს დამთავრებული.

გიორგიმ ჭაბუკიანის სახელობის სკოლაში ჩააბარა, სადაც 6 წელი სწავლობდა. გამოსაშვები სპექტაკლისთვის მზადებისას მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა დარბაზში გადაღებული ვიდეო, რომელიც მოულოდნელად ვირუსულად გავრცელდა. მალე მიიღო მოწვევა იტალიიდან – ბერლუსკონის სახელობის პრესტიჟულ კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

დადგა ჰოლანდიური ეტაპიც _ ნიდერლანდების ნაციონალურმა ბალეტმა მიიწვია და მალევე თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.

მისი დებიუტი საქართველოში 2023 წელს შედგა თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, სპექტაკლში „დონ კიხოტი“. გიორგი ფოცხიშვილს ქართველი მაყურებელი ყოველთვის დიდი ემოციებითა და აპლოდისმენტებით ხვდება (იხილეთ ვიდეო).

ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის ახალი სეზონი გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით „დონ კიხოტით” გაიხსნება.

სრულად წაკითხვა