მწერალი გიორგი კეკელიძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ძალიან კარგი წერილით გვილოცავს:
“დამოუკიდებლობა არის არჩევანი.
შეიძლება არჩევანი იყო სხვაგვარი და თქვა ასეც : ,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას”. იტყვი, განა რა, მაგრამ როცა იტყვი, უნდა იცოდე, რომ შენი წინაპარი ნიკოლოზ ბარათაშვილი ვერ იქნება.
რადგან დამოუკიდებლობა, მათ შორის, არის არჩევანი, ვინ გინდა შენი წინაპარი იყოს.
,,ვეფხისტყაოსანი” ვერ იქნება შენი წინაპარი და ვერც ,,ლურჯა ცხენები”, ყველა ფრაზა გაგექცევა და ერთსაც ვერ დაიზეპირებ. ვერც სვეტიცხოველი იქნება და ვერც ალავერდი – ვერასდროს აწვდება შენი მზერა მათ სიმაღლეს – რომც მოინდომოს აბობღება, ჩამოვარდება. ვერც ურმულს და ვერც კრიმანჭულს გაიგონებ – ყრუ იქნები ყველა ბგერის მიმართ.
რადგან ხალხი, ვინც დაწერა, ვინც ააგო და ვინც იმღერა – დამოუკიდებლობისთვის აგებდა, მღეროდა და წერდა.
დიმიტრი ყიფიანი ვერ იქნება შენი წინაპარი, ილია ჭავჭავაძე ვერ იქნება და ვაჟა-ფშაველა.
ექვთიმე ვერ იქნება, ამბროსი ხელაია და მარო მაყაშვილი.
ვახტანგ გორგასალი ვერ იქნება შენი წინაპარი, ვერც დავით აღმაშენელი იქნება და ვერც თამარ მეფე და ვერ იქნება ვერც დემეტრე თავდადებული, ვერც ერეკლე მეფე და ვერც ალექსანდრე ბატონიშვილი, ვერც სულხან-საბა იქნება და ვერც გურამიშვილი და ვერც ქაქუცა იქნება, ვერც რომელიმე დახვრეტილი სამანელი, ვერც რომელიმე დაჩეხილი აპრილელი, ვერც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია იქნება, ვერც ჭუბერიდან გმირად მომავალი ქალები და ვერც ცაში გმირად მიმავალი ანწუხელიძე.
რადგან დამოუკიდებლად ყოფნის განცდა, არ ნიშნავს მხოლოდ გამარჯვებულის არჩევას, არამედ დამარცხებულთა ნაწილად ყოფნასაც ნიშნავს.
მაგრამ ,,დამარცხებული” ჩვენი ისტორიისთვის არ მგონია სწორი და შესაბამისი სიტყვა.
რადგან ერთადერთი ბრძოლა, რომელსაც წააგებ, არის ბრძოლა, რომელსაც არ იბრძოლებ.
ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს. ყველამ არა. ზოგმა. მაგრამ ვინც იბრძოლა, ყველამ გაიმარჯვა.
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ.”