გიორგი ბარამიძე: ვწუხვარ, თუ პროპაგანდის წყალობით ჩემი ნათქვამი პატრიოტებმა არასწორად გაიგეს

2 hours ago 3

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ბოდიშს უხდის „პატრიოტ ვეტერანებს“, რომელთაც „უნებლიეთ“ გული ატკიცა აფხაზეთის ომთან დაკავშირებული განცხადებით, - რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

7 აგვისტოს გვიან ღამით ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში იგი წერს:

„ვიზიარებ მეგობრებისა და კოლეგების კრიტიკას - ომის პირველ დღეებში ტყვეების გაცვლის თუ სხვა მიმდინარე მძიმე პროცესების ასაღწერად სხვა სიტყვის გამოყენება აჯობებდა, რაც არავის დააბნევდა და უფრო ზუსტად ასახავდა ობიექტურ მოვლენებს“.

„ძალიან ვწუხვარ, თუ „ქოცური“ პროპაგანდის წყალობით, ჩემი ნათქვამი პატიოსანმა ადამიანებმა, მით უფრო პატრიოტმა და არა რუსქოცმა ვეტერანებმა არასწორად გაიგეს და არც იმის პრობლემა მაქვს, ვთქვა რომ მათ თუ უნებლიედ გული ვატკინე, ბოდიშს ვუხდი“, - წერს ბარამიძე.

ის ასევე ამბობს: „ყველა შემთხვევაში, სიმართლე ისაა, რაც ვთქვი, რომ გამწარებული, ოჯახაწიოკებული ადამიანებისგან ძნელია მოითხოვო, რომ ომის პირობებში მტერს მტრულად არ მოეპყროს“.

„არასდროს მითქვამს, რომ ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს „ხვრეტდნენ“. ეგ არასდროს მინახავს და არც რაიმე ამის ფაქტი ვიცი. აი, რუსების (და მათი დაგეშილი სეპარატისტების) მიერ გადამწვარი სოფლები, გაგრაში მოჭრილი თავებით ფეხბურთის თამაშის ფაქტები ყველამ ვიცით“, - დაწერა ბარამიძემ.

„კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რაც ვიცი და რასაც ვფიქრობ, რომ ქართველებს ამგვარი და მსგავსი რამ არასდროს ჩაგვიდენია, თუნდაც გახურებული ომის დროს. საქართველო რუსეთთან 100% მართალია და ეს უკვე დადასტურებულია გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს და საერთაშორისო სასამართლოების მიერ“, - წერს ის.

  • „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადებაში“ გაკეთებული განცხადების გამო გამოძიება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ პროკურატურამ „სამშობლოს ღალატისა“ და „საბოტაჟის“ მუხლებით 7 აგვისტოს დაიწყო;
  • სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს დააბრუნა.
  • რადიო თავისუფლებასთან საუბარში ბარამიძე აღნიშნავს, რომ არ გაჰკვირვებია „რუსული მარიონეტული რეჟიმის მიერ“ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ეს გადაწყვეტილება აგვისტოს ომისა და რუსეთის შემოჭრის დაწყების დღეს დაემთხვა.
  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადების გამო საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას „აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
სრულად წაკითხვა