28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე 5 აგვისტოს საღამოს ორი არასრულწლოვანი გოგონა, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი, დააკავეს.
სავარაუდოდ, 16 წლის იმნაძე, საკუთარ ბინაში დააკავეს. ადვოკატის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდებიან მისი მშობლები პოლიციელებს სიტყვიერად, რადგან არ ეთანხმებიან მათი ქალიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, ხოლო პოლიციელები ამბობენ, რომ ისინი სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იმნაძე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე დღეს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იმნაძე და ბერუაშვილი, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილისა და გიორგი რიკაძის შეყვარებულები არიან, რომლებიც ავალიანის საქმის ორი მთავარი ბრალდებულია. აპრილში თითოეულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს ისინი არასრულწლოვნები იყვნენ, მათი სასჯელი ავტომატურად 10.5 წლამდე შემცირდა.
მედიის ინფორმაციით, იმნაძეს ბრალად ედება „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზება” სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლით. ავალიანის ოჯახი დიდი ხანია იმნაძეს, რომელიც მისი მოსწავლე იყო, საქმის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ სწორედ მან უბიძგა შეყვარებულს ფიზიკური ძალადობისკენ.
ბერუაშვილს 376-ე მუხლით გათვალისწინებული „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის“ ბრალდება წარედგინა.
საქმეში მონაწილე ხუთ არასრულწლოვანს უკვე მიესაჯა მრავალწლიანი პატიმრობა, ხოლო კიდევ რამდენიმე პირის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟის მიმართ სამართალწარმოება კვლავ მიმდინარეობს.
„საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!“, – დაწერა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ „ფეისბუქზე“ ბოლო დაპატიმრებების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გოგონას ოჯახი ბრალდებებს უარყოფს, ადვოკატები კი მათ „აბსურდულს“ უწოდებენ.
This post is also available in:

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·