„გია ბარამიძის ინტერვიუს არანაირი გამართლება არ აქვს“ – ბექა კობახიძე

1 hour ago 1

17

„გია ბარამიძის ინტერვიუს არანაირი გამართლება არ აქვს და არც არავინ უნდა გაამართლოს. მისი მხრიდან აქ ერთადერთი მისაღები პოზიცია შეიძლება იყოს ბოდიში და განცხადების უარყოფა.

მაგრამ! მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გადასარევ პრეცედენტს ქმნის ივანიშვილის წინააღმდეგ საქმის აღსაძვრელად. სხვა არაფერი რომ არ დაეშავებინა, 2024 წლის 29 აპრილს პარლამენტის წინ და შემდეგ გორში გაკეთებული განცხადებები საკმარისი იქნება დიდი ხნით მის ციხეში ჩასასმელად.

ამასთანავე, რადგან აგვისტოს ომის 18 წლისთავია, დავსვათ ასეთი კითხვა: სად იყვნენ 2008 წლის აგვისტოში 29 წლის ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე? 28 წლის ირაკლი ჩიქოვანი? 36 წლის პაატა სალია? და საერთოდ, როგორ არის, რომ ოცნების არც ერთ (!) ყოფილ, მოქმედ და ვეჭვობ მომავალ მინისტრსაც არანაირი კავშირი არ აქვს 2008 წელს ქვეყნის დაცვასთან? ერთ სურათს ვერ დადებენ და ერთ ისტორიას ვერ მოყვებიან, რომ სადმე იყვნენ და რამეს აკეთებდნენ.

მეორე მხრივ, ხალხი რომელიც ქვეყნის თავდაცვაში იყო ჩაბმული, მასობრივად გაუშვეს ციხეში. ის კი არა, საკუთარი მინისტრის – გახარიას – წინააღმდეგ აღძრეს საქმე, რომ თურმე ამ უკანასკნელს ხელი წაუცდა და საოკუპაციო ხაზზე, მცოცავი ოკუპაციისგან თავის დასაცავად, საგუშაგო ჩადგა.

მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ შემოჭრა მოხდა 2008 წლის 7 აგვისტოს. დღეს ამერიკის, ბრიტანეთის და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებმა განცხადებები ერთხმად გაავრცელეს, რომ 7 აგვისტოს დაიწყო რუსეთმა ომი. ესენი ჩამოლაგდებიან 8 აგვისტოს და კიდევ ერთხელ მოგვიყვებიან როგორ დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს ომი საქართველომ.

ამათი ნიურნბერგის პროცესი, სიმბოლურად, სადმე ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში უნდა გაიმართოს და პირდაპირი რეპორტაჟი ტელეიმედზე გადაიცეს.“

სრულად წაკითხვა