WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე 1783 წლის ზაფხულზე დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას.

ტრაქტატი გულისხმობდა პროტექტორატს, ყველაფრის (სამეფო ტახტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების) შენარჩუნებით. ერთ-ერთი მართლაც პრობლემური მუხლი იყო ქართულ სამოციქულო ეკლესიაზე, როდესაც საქართველოს კათალიკოსის ჩაწერა მოხდა უმაღლესი საეკლესიო იერარქიის პირველ ათეულში – რუსებს თავად გაუქმებული ჰქონდათ პატრიარქობა ჯერ კიდევ პეტრე პირველის ეპოქაში, რუსეთის ეკლესიის სინოდი კი სენატის (ანუ მაშინდელი მინისტრთა საბჭოს) ერთ-ერთი კოლეგია (ანუ სამინისტრო) იყო. მაგრამ ამ პუნქტზეც წერია, რომ იგი საბოლოო არ არის და კორექტირებას ექვემდებარება. გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულება არასოდეს შესრულებულა, რუსული ჯარი დასახმარებლად არ გამოჩენილა. იგი დაირღვა ძალიან მალე, კრწანისამდეც კი. ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულება ერეკლეს ოსმალეთთანაც ჰქონდა გაფორმებული.

ქართულ საზოგადოებას ხშირად ჰგონია, რომ ტრაქტატი ეკატერინეს რუსეთმა საგანგებოდ და ექსკლუზიურად აღმოსავლეთქართულ სამეფოს გაუფორმა. სინამდვილეში ეს იყო გეოპოლიტიკოსის, რუსეთის საგარეო პოლიტიკის იდეოლოგის და იმპერატრიცას ფავორიტის, გრიგორი პოტიომკინის იდეა. ამ კაცს მსგავსი არაერთი იდეა მოუვიდა თავში – მაგალითად თრაკიის პროტექტორატის შექმნა ბულგარეთში, ყირიმის ნეიტრალურ სახანოდ გადაკეთება, საბერძნეთის სამეფოს აღდგენა და ასევე პროტექტორატად ქცევა და ა.შ. როგორც კი ეს კაცი მოკვდა რამოდენიმე წელიწადში გეორგიევსკის ხელშეკრულების შემდეგ, აღნიშნული ტრაქტატიც და მსგავსი პროექტებიც ძალიან მალე დავიწყებას მიეცა, როგორც ეს ხდება ხოლმე, მეტადრე რუსეთში.

საინტერესო ერთი რამაა – როდესაც სოლომონ მეორე და მისი ნდობით აღჭურვილი თავადები, ასევე გურიელი, დადიანი თუ სხვა ქართველი სუვერენული მთავრები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ რუს მთავარმმართებელთან ან გენერლებთან, აკად. ნიკო ბერძენიშვილის დაკვირვებით, ისინი ყოველთვის გეორგიევსკის ტრაქტატზე აპელირებდნენ, ხოლო რუსული მხარისთვის ეს უკვე გადაშლილი ფურცელი იყო. ამიტომ მსგავსი მოლაპარაკებები, რამდენადაც მხარეების ამოსავალი წერტილი ერთმანეთისგან განსხვავებული იყო, როგორც წესი, წარუმატებლად სრულდებოდა. 1801 წლის შემდეგ ტრაქტატი ახსოვდათ ქართველებს, რუსებს კი აღარ.

რაც შეეხება გიორგი XII-ს, (ზოგჯერ XIII-დაც იხსენიებენ, თიკუნით “ზაქიჭამია”) იგი სულ ორ წელიწადს მეფობდა. იგი კარგი მეომარი, თუმცა სრულიად აპოლიტიკური ადამიანი იყო. მან კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა რუსეთთან, რომელიც ბევრად უარესი იყო გეორგიევსკზე – ის გულისხმობდა ყველაფრის დათმობას და ფაქტობრივად სამეფოს ჩაბარებას. ამას ეწინააღმდეგებოდა ბატონიშვილი ალექსანდრე, რომელსაც ირანში მოუწია გაქცევა. ზუსტად ერეკლეს სული მეტყველებდა მასში, რომელსაც კორექტირება სურდა შექმნილი ვითარებისა და ერეკლეს საბრძოლო გენიაც: ალექსანდრემ თითქმის 30 წელიწადი იომა და მოსინჯა ყველა საშუალება რუსეთის გაბატონების წინააღმდეგ კავკასიაში, თუმცა აბას-მირზას, მამამისის და ყაჯართა დამარცხებამ, ასევე თუქმანჩაის ზავმა ყველანაირი წინააღმდეგობა დაასრულა. იგი თეირანში აღესრულა 1844 წელს და გარკვეული ვერსიის მიხედვით, იქვე, სომხურ ეკლესიაშია დასაფლავებული, რამდენადაც ქართული ეკლესია თეირანში არასოდეს მდგარა.

დადგა 1800 წელი და ალექსანდრე დაღესტნელებთან, შირვანელებთან, სპარსელებთან ერთად კახეთში შემოვიდა და ნიახურას ველზე დაიკავა პოზიცია. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მეორე მხარის შეიარაღებული ძალის სათავეში მისი ძმა, ჯერ კიდევ ცოცხალი გიორგი მეფე იქნებოდა. ბატონიშვილს სურდა ერთი-ერთზე საუბარი მასთან და აუცილებლად შევაცვლევინებ გადაწყვეტილებასო – იგულისხმებოდა რუსებთან ისეთი მორიგების ჩახსნა, სადაც მეფეს (გიორგის, ერეკლეს II-ის ძეს) რუსეთის ტერიტორიაზე რაღაც სოფლებს ჩუქნიდნენ და ჯამაგირს უნიშნავდნენ – სამეფოს დათმობაზე იყო ჯამში საუბარი. ეს ქვეყნის დესუვერენიზაციის პრელუდია იყო, რასაც ალექსანდრე პირად ტრაგედიად განიცდიდა.

როდესაც ალექსანდრემ შეიტყო, რომ ქართველების და რუსების მხედრობას სხვები მოუძღვიან, მეფე კი იქ არ არის, იგი მიხვდა, რომ ნიახურაზე აღარაფერი გადაწყდებოდა. ამის შემდეგ მან დასტოვა კახეთი, რადგან მისი უმთავრესი ამოცანა ამ მოცემულობაში ძმის გადარწმუნება იყო. ნიახურას ბრძოლის შედეგი კი ცნობილია – დამარცხებულ ომარ-ხანს და დაღესტნელ-სპარსელებს უკან დახევა მოუწიათ.

აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელი უიღბლო მეფე გიორგი XII ამ ამბიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. საბოლოო ჯამში ერეკლეს ნებას სწორედ ალექსანდრე გამოხატავდა და არა გიორგი. მისი სურათი (ისევე, როგორც ქაქუცა ჩოლოყაშვილისა) პირველად ეროვნულმა მოძრაობამ წამოსწია 1988 წლის მიტინგებზე.