გაირკვა ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელიც გუშინ მეტროსთან უცნობმა დანით მოკლა – დაჭრილია კიდევ 2 ადამიანი

16 hours ago 3

1

თბილისში, გუშინ მომხდარი შელაპარაკება სისხლისღვრით დასრულდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრეს, სამწუხაროდ ერთი მათგანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული 42 წლის რამაზ როგავაა. ის ზუგდიდელია, თუმცა წლებია თბილისში ცხოვრობს და აქ მუშაობდა. შემთხვევა მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს.

როგორც მოკლულის ახლობელმა “კვირის პალიტრასთან” აღნიშნა, მოკლული კონფლიქტური ადამიანი არ იყო.

“რამაზი ერქვა, მაგრამ ყველა ალიკას ვეძახდით. 42 წლის იყო, ძალიან კარგი ახალგაზრდა. ინფორმაცია არ მაქვს მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა. ობლად გაზრდილები არიან ის და მისი დედმამიშვილები და ძალიან სამწუხაროა, რომ ბედმა იგივე წრეზე იარა, მასაც დარჩა ქალიშვილი, რომელსაც ვერ ეუბნებიან საყვარელი მამის მკვლელობის ამბავს. უბრალოდ ვერ ამიხსნია რატომ უნდა მოეკლათ, ერთი ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩხუბს არ დაიწყება და მისი მიზეზით არანაირი კონფლიქტი არ მოხდებოდა. ყველაფერი ერთმანეთში მერევა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ისე განვიცდი ამ ამბავს. გაჭირვებულებს მთელი ცხოვრება ხელს უმართავდა, არავის მიაყენებდა შეურაცხყოფას, შელაპარაკების მიზეზი თვითონ არ იქნებოდა.

როგორც ვიცი, დამნაშავესაც არ იცნობდა. არც სხვა დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია. მამა პატარა ასაკში დაეღუპა. 4 დედმამიშვილი იყვნენ, ობლად გაზარდა დედამ. სამწუხაროდ, დედმამიშვილებიდან ერთი გარდაცვლილი ჰყავს. დედამისმა უფროსი შვილის გარდაცვალებას ვეღარ გაუძლო, მისმა გულმა ვერ გადაიტანა ეს დიდი ტკივილი და მალევე დაიღუპა. როგორც მახსოვს, მაშინ ალიკა 18 წლის იყო. ახლა მისი ორი დედმამიშვილია უმძიმეს მდგომარეობაში და ამ მწარე რეალობის წინაშე. ძნელია მათ რაიმე სანუგეშო სიტყვა უთხრა.

დამნაშავეზეც და კონფლიქტის მიზეზზეც ვერაფერს გეტყვით, ერთი ვიცით, ნაცნობები არ იყვნენ ერთმანეთის. ზუგდიდში ჩამოასვენებენ ალბათ. ჯერ არ არის ჩამოსვენებული. დარჩა ერთი გოგონა, რომელიც სამწუხაროდ ვიღაცის ჩადენილი უსამართლო ქმედების გამო უმამოდ უნდა იყოს. თანავუგრძნობ ყველას, ვინც განიცდის მომხდარს. ძალიან მენანება ალიკა. ვიღაც გარეწრის უსამართლობას შეეწირა ეს კეთილი ადამიანი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მისი ახლობელი.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ბრალდებული უკვე დაკავებულია და ჯერჯერობით უცნობია, რას ამბობს ის თავის ჩვენებაში. კლინიკაში რჩება დაჭრილი ორი ახალგაზრდა.

სრულად წაკითხვა