გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო უკრაინის შესახებ აშშ-ის ინიციირებული მოკლე რეზოლუცია, რომელიც არ შეიცავს მტკიცე ფორმულირებებს რუსეთის მიმართ.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 10-მა წევრმა, რუსეთის და ჩინეთის ჩათვლით, ხუთმა ქვეყანამ თავი შეიკავა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, საბერძნეთი და სლოვენია), თუმცა რეზოლუციისთვის ვეტო არ დაუდიათ. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სცადეს რეზოლუციის ტექსტში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხაზს გაუსვამდა რუსეთის აგრესიას, თუმცა რუსეთმა შესწორებებს ვეტო დაადო.
გენერალური ასამბლეის სარეკომენდაციო ხასიათის რეზოლუციებისგან განსხვავებით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სავალდებულოდ ითვლება გაეროს ქარტიის 25-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი ამბობს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები თანხმდებიან მიიღონ და განახორციელონ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები.
უშიშროების საბჭოს სხდომამდე, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სპეციალურ სესიაზე კენჭი ეყარა ორ რეზოლუციას უკრაინაზე. საქმე იმაშია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის თავთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა წარადგინა მოკლე, 3-წინადადებიანი რეზოლუცია, სადაც გამოთქმულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის” მიმდინარეობისას სიცოცხლის დანაკარგების გამო და ხაზგასმულია, „გაეროს თავდაპირველი მიზანი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტაა”. რეზოლუციით მოთხოვნილია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულება.
ამერიკული რეზოლუცია, რომელშიც გამოყენებულია ნაკლებად მკაცრი ფორმულირებები რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრასთან დაკავშირებით, იყო ალტერნატივა უკრაინისა და ევროპული სახელმწიფოების რეზოლუციისა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ბოლო სამი წელია იღებს. უკრაინის რეზოლუცია გმობს რუსეთის აგრესიას და მოსკოვს აკისრებს პასუხისმგებლობას ომის დანაშაულებზე, ამავდროულად მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ და ევროპელი კოლეგები თავდაპირველად ერთიან ტექსტზე მუშაობდნენ, თუმცა შეთანხმება ვერ შეძლეს. ამის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, გაეწვია თავისი მკაცრი რეზოლუციის პროექტი, რაზეც უარი მიიღო. ამერიკელმა დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს უთხრეს, რომ ვაშინგტონი დაუპირისპირდებოდაა უკრაინის რეზოლუციას და მოუწოდებდა მათ, კიევი ტექსტის შეცვლაზე დაეყოლიებინათ. ვაშინგტონმა უკრაინული რეზოლუციის წინააღმდეგ პროცედურული ომი აწარმოვა უშუალოდ გენერალურ ასამბლეაზეც.
მიუხედავად ამისა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით მიიღო უკრაინისა და ევროპული სახელმწიფოების მომზადებული რეზოლუცია. 18-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ბელარუსმა, რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. საქართველო „ცარიელი სკამი“ დატოვა და კენჭისყრას არ დაესწრო, მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში იყო და ახლაც დარჩა აღნიშნული რეზოლუციის თანასპონსორად.
უკრაინული რეზოლუციის კენჭისყრის შედეგები
გენერალურმა ასამბლეამ ასევე 93 ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღო ამერიკული რეზოლუციაც. რეზოლუციის თანასპონსორობა გაუწიეს საქართველომ, ალბანეთმა, უნგრეთმა, არგენტინამ, ისრაელმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ. თუმცა ევროპულმა სახელმწიფოებმა რეზოლუციაში შეიტანეს ცვლილებები, რომლითაც ხაზი გაუსვეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და რუსულ აგრესიას, ასევე მოუწოდეს, „სამართლიანი, მდგრადი და სრულფასოვანი“ მშვიდობისკენ. შესწორებების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა საკუთარი რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა. ანალოგიურად მოიქცა საქართველოც.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების სამშვიდობო გეგმას და იმედი გვაქვს, რომ ეს გეგმა იქნება წარმატებული ძალიან მალე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევუერთდეთ იმ სუბიექტის რეზოლუციას, რომელიც არის მშვიდობისკენ მიმართული და არა ომის გახანგრძლივებისკენ“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თუმცა არ განუმართავს, მაშინ რატომ დარჩა საქართველო ორივე რეზოლუციის თანასპონსორად.