გაერთიანებულმა სამეფომ გენერალურ პროკურორსა და კიდევ სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

4 weeks ago 9

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქციების პაკეტი მიმართულია შალვა ბედოიძის, მირზა კეზევძის, კარლო კაციტაძისა და გიორგი გაბიტაშვილის მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

შალვა ბედოიძე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. „შალვა ბედოიძე არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც სერიოზულად არღვევს პირის უფლებას, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“, – განმარტავს ბრიტანეთის მთავრობა. „კერძოდ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზედამხედველობა გაუწია „პოლიციის ძალების მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის არაპროპორციულ გამოყენებას“.

ბედოიძეს ბალტიის ქვეყნებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესეს სანქციები.

გიორგი გაბიტაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე მსახურობს. „გიორგი გაბიტაშვილი არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ ქმედების გამოძიებაზე ან სისხლისსამართლებრივ დევნაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს და განზრახ ან დაუდევრად არ შეასრულა ეს ვალდებულება“, – აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა. მისი თქმით, მან ვერ გამოიძია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების დროს საქართველოს მოქალაქეებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებსა და ახალგაზრდა აქტივისტებზე თავდასხმების საქმე.  

გაბიტაშვილი უკვე სანქცირებულია ესტონეთის მიერ.

საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე „პასუხისმგებელია პოლიციის ძალადობის გამოძიებასა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და ამ შემთხვევაში მან ეს ვერ შეძლო“.

კაციტაძე ესტონეთმა 2024 წლის დეკემბერში დაასანქცირა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე „არის და/ან იყო პასუხისმგებელი იმ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას პირის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს“. ბრიტანეთისს მთავრობა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას, ამ ძალადობას მირზა კეზევაძე უწევდა ზედამხედველობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

2024 წლის დეკემბერში მირზა კეზევაძე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საპროტესტო აქციების დროს მედიის, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო დაასანქცირა. მას ასევე დაუწესეს სანქციები ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და ჩეხეთმა.

მიმდინარე თვის დასაწყისში, 2 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ ორ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძესა და ლევან მურუსიძეს – სანქციები დაუწესა. დიდმა ბრიტანეთმა ამის მიზეზად სერიოზულ კორუფციაში მათი მონაწილეობა დაასახელა, რაც სასამართლო დანიშვნებზე ზეგავლენის მოხდენას და მმართველი პარტიის სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებას ისახავდა მიზნად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა