51 წევრისგან შემდგარი მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) ამჟამინდელმა თანათავმჯდომარეებმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ფინეთმა, მედიის თავისუფლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ერთობლივ მოსაზრებაში, რომელსაც კოალიციის თოთხმეტმა სხვა წევრმა სახელმწიფომაც დაუჭირა მხარი, საქართველოს მედიაგარემოში არსებულ „შემაშფოთებელ ტენდენციებზე“ გაამახვილეს ყურადღება.
მოსაზრებას, რომელიც თბილისში ბრიტანეთის საელჩომ 4 მაისს გამოაქვეყნა, მხარი დაუჭირეს ავსტრიამ, ბელგიამ, დანიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა და შვედეთმა. თანათავმჯდომარეები ასევე მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
„მაშინ, როდესაც საერთაშორისო მშვიდობა მყიფეა და დემოკრატია ზეწოლას განიცდის, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც აგრძელებენ სიმართლის ხმამაღლა თქმას, ხშირად საკუთარი უსაფრთხოების ფასად“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
„საქართველოში შემაშფოთებელ ტენდენციებს ვხედავთ“, – აცხადებენ თანათავმჯდომარეები მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც პრესის თავისუფლების რეიტინგში საქართველოს ადგილი მკვეთრად გაუარესდა და 2022 წელს არსებული 77-ე ადგილიდან 2026 წელს 135-ე ადგილამდე დაეცა, რაც „სერიოზული უკუსვლაა“.
„RSF საქართველოს მედია გარემოს „რთულად“ აფასებს და მიუთითებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევაზე, ჟურნალისტებზე ძალადობასა და კანონებზე, რომელიც ავიწროებს თავისუფალი გამოხატვის სივრცეს. დოკუმენტირებულია სულ მცირე 50 ჟურნალისტი, რომლებიც დემონსტრაციების დროს დაშავდნენ, სცემეს, დააკავეს ან ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. ეს თავდასხმები მიუღებელია. ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლად გამოძიების, გაშუქებისა და ხელისუფლების მოქმედებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესაძლებლობა, შიშის გარეშე“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
მოსაზრებაში ასევე საუბარია ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე, რომელიც „ხაზს უსვამს ძალადობის სისტემურ ხასიათს 2024–2025 წლებში თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე“.
მოსაზრებაში ასევე ნათქვამია, რომ „ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თავის ბოლო ანგარიშში, 2024–2025 წლებში გამართული პროტესტების დროს მომიტინგეებსა და ჟურნალისტების მიმართ უკანონო დაკავებებსა და გადამეტებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე, ანგარიშვალდებულების ნაკლებობაზე საუბრობს. ასევე, ანგარიშში შევიდა ჩანაწერი კანონმდებლობაზე, რომელიც აზრის გამოხატვას, მშვიდობიან შეკრებასა და გაერთიანების უფლებებს ზღუდავს“.
მოსაზრებაში ცალკეა გამოყოფილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე და ნათქვამია, რომ ეს საქმე „მკაფიოდ ასახავს იმას, თუ რა დგას სასწორზე. მისი დაკავება, მოპყრობა და დაპატიმრება 2025 წლის პროტესტების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაგმობილ იქნა, როგორც უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული“.
„ჩვენ კვლავ ვაყენებთ მისი განთავისუფლების საკითხს. მზია ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზანი არის მთლიანად ამ პროფესიის მქონე ადამიანების დაშინების მცდელობა“, – აცხადებენ თანათავმჯდომარეები.
მოსაზრების კომენტირებისას, სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა , რომელმაც მოსაზრება სოციალურ ქსელში გააზიარა, მას „ნიანგის ცრემლები“ უწოდა, რომლებიც „ყალბი პათეტიკითაა გაჯერებული“. მისი თქმით, ეს განცხადება „საელჩოს მხრიდან“ მოდის, რომელიც „უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს“. სავარაუდოდ, იგი გულისხმობდა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ სახელისუფლებო არხებს, POSTV-სა და „იმედს“.
This post is also available in:

3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·