საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდმა უარყო შემოთავაზება არხის სხვადასხვა პროგრამასა და განყოფილებაში გადასვლის შესახებ და განაცხადა, რომ შეთავაზებაზე დათანხმება გადაცემის დახურვის მხარდაჭერის ტოლფასი იქნებოდა. გუნდმა განაცხადა, რომ მათ აღარ აქვთ შესაძლებლობა ამ არხზე მაყურებელს სიმართლე მიაწოდონ.
გუნდმა საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის დახურვაში დაადანაშაულა: „დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, კანცელარია, დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი- ნინო ზაუტაშვილი“.
განცხადებას წინ უძღოდა მაუწყებლის მენეჯმენტის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომელმაც გუნდს ოფიციალურად აცნობა, რომ გადაცემა მიმდინარე პროექტის ვადის გასვლის შემდეგ აღარ განახლდებოდა, შოუს წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების გამო. ზაუტაშივლი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს კრიტიკითაა ცნობილი, სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლეს. თავის შეთავაზებაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი გუნდის დარჩენილ წევრებს მაუწყებელში სხვა საქმიანობას სთავაზობდა, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, სარეკლამო კონტენტში, ვებ განყოფილებასა და მუსიკალურ პროგრამებში დასაქმებას.
„რეალური სივრცის“ გუნდმა ეს ნაბიჯი გუნდის დაშლისა და მისი მუშაობის ჩახშობის მცდელობად შეაფასა. „ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილებაც და კვალიფიკაცია აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ვფიქრობთ ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზმაუს მთავარ ფუნქციას – ისმოდეს საზოგადოების ხმა საზმაუზე“, – აცხადებს გუნდი.
გადაცემა „რეალურმა სივრცემ“, რომელიც პირველად 12 წლის წინ გავიდა ეთერში, თავისი რეპუტაცია მოქალაქეებსა და საჯარო მოხელეებს შორის თანასწორი, პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობაზე დაამყარა. გუნდის თქმით, პროგრამა აქტუალურ სოციალურ საკითხებს აშუქებდა და ეთერი ასობით ხმას დაუთმო საქართველოს ქალაქებიდან, დაბებიდან და სოფლებიდან.
გუნდმა სოლიდარობა გამოუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის დარჩენილ თანამშრომლებს, განსაკუთრებით „საზმაუს მცველებს“, რომლებიც ყოველ საღამოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში იკრიბებიან, და პირობა დადო, რომ არხის მიღმაც გააგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მედიის მხარდაჭერას.
ზაუტაშვილი და ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი 11 აპრილს გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მათ მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის საჯარო კრიტიკა. ორივე მათგანს გათავისუფლების შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა აცნობა.
15 აპრილს, მედიის ადვოკატირების კოალიციამ განაცხადა, რომ გათავისუფლებები ჟურნალისტურ ავტონომიას საფრთხეს უქმნიდა.
ამ მოვლენებამდე, 24 მარტს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც უარყო თანამშრომლების ბრალდებები, რომლებმაც არხის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკეს. მაუწყებლის თქმით, მისი თანამშრომლების კრიტიკული საჯარო განცხადებები, მათ შორის მიკერძოებულობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ, ცრუ ინფორმაციას შეიცავს და ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანს აყენებს. ამასთან, 22 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა პროკურატურას მოუწოდა, გამოეძიებინა კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების „უსაფუძვლო ბრალდებები“.
ასევე წაიკითხეთ:
- 03/04/2025 – საპროტესტო აქციების ფონზე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ვასილ მაღლაფერიძე ხელახლა აირჩია
- 05/02/2025 – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემის კრიტიკული წამყვანი ეთერიდან მოხსნა
- 30/01/2025 – მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საზმაუს ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
- 18/12/2024 – პრეზიდენტის ადმინისტრაცია: საზმაუ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას პრეზიდენტის შესახებ
- 03/12/2024 – საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და არხს მიკერძოებულს უწოდებენ