რადიო თავისუფლება ესაუბრა „ისთ ფოინთისა“ და „გალერეა თბილისის“ პრესსამსახურის თანამშრომლებს. მათ თქვეს, რომ მოქმედებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, რომლისგანაც ევაკუაციის შესახებ მითითება არ მისვლიათ.
დაახლოებით ორი საათის წინ [19:00 სთ] საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ და თავის თანამშრომლებს მოუწოდა, უსაფრთხოების მიზნით მორიდებოდნენ ამ ადგილებს. ეს სავაჭრო ცენტრებია:
- „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
- „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
- თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა, რომელიც მსგავს შეტყობინებებზე რეაგირებს, საჯარო განცხადებით „მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ“ მოუწოდა საელჩოს.
„მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან“, - წერია სუსის განცხადებაში.
ამ უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.