ბიზნესპარტნიორის ცნობით, მოშიმშილე გიორგი ჩიკვაიძე საპატიმროში მძიმედ არის

4 months ago 40

დაპატიმრებული ბიზნესმენის, იახტების ბიზნესის მეპატრონე გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ჩიკვაიძე, რომელიც 12 მარტის შემდეგ შიმშილობს, მძიმედ არის. მისი თქმით, ოჯახი ჩიკვაიძის ჰოსპიტალიზაციას ითხოვს.

„გიორგის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, კანკალებს, ვეღარ გადაადგილდება, დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს ეტლით“, - წერს ირაკლი პაპიაშვილი.

პაპიაშვილის ცნობითვე, ჩიკვაძიეს „5 დღის წინ ჰქონდა ხანგრძლივი კრუნჩხვა, რა დროსაც ვარაუდობენ პენიტენციურის ექიმები, რომ ტვინში მოხდა დაზიანება და ამის შემდგომ ვეღარ გადაადგილდება“.

„პენიტენციური დაწესებულების ექიმებს აქვთ ეჭვი აქვთ, რომ შესაძლოა იყოს მენინგიტი ან ენცეფალიტი“, - წერს ის.

„სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელსაც მიზანშეწონილად მიაჩნია მისი საავადმყოფოში გადაყვანა“, - დაწერა პაპიაშვილმა.

რადიო თავისუფლება ცდილობს პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას ამბის გადასამოწმებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თუმცა უშედეგოდ.

სახალხო დამცველის პრესცენტრში ამბობენ, რომ ჩიკვაიძის ოჯახისგან აქვთ ინფორმაცია, რომ იგი თავს ცუდად გრძნობს და ამჟამად მიდის სახალხო დამცველის წარმომადგენელი მის სანახავად საპატიმროში, რათა ექიმთან ერთად მოინახულოს.

ამასთან, ომბუდსმენის აპარატში გვითხრეს, რომ თავად ჯერ არ შეუფასებიათ ჩიკვაიძის საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა.

ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც 11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს, მეორე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

„მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას“, - წერდა ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო, პატიმრობით შეუცვალა.

მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს მოსამართლემ გირაო ძალაში დაუტოვა.

38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებდა.

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.

სრულად წაკითხვა