28 წლის კაცმა ბერლინში კისრის არეში დანით სერიოზული ჭრილობა მიაყენა პოლიციელს, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. დამნაშავე დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. პროკურატურა დაკავების ორდერს არ ითხოვს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში გამოჩნდა, რომ შემთხვევა ძალზე უჩვეულოა. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
რატომ არ მოითხოვა ბერლინის პროკურატურამ დამნაშავის დაკავების ორდერი, რომელმაც პარასკევ საღამოს, 22:13 სთ-ზე პოლიციელი კისრის არეში მძიმედ დაჭრა?
შემთხვევა ბერლინის ნოიკიოლნის რაიონში მოხდა, როლბერშტრასეზე, ვაგზლის წინ. ვიდეოკამერის ჩანაწერიდან ჩანს, რომ პოლიციელის გაუფრთხილებელ საქციელს შესაძლოა ფატალური დასასრული მოჰყოლოდა. მან დანით ჭრილობა მიიღო მაშინ, როდესაც ცდილობდა, ახალგაზრდა კაცი მიწაზე დაეგდო.
პოლიციის მიერ შაბათს დილით გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაზარალებულ სამართალდამცველს, რომლის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანისას კრიტიკულად შეაფასეს, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციის და პროკურატურის ინფორმაციით, 28 წლის კაცი როლბერგფირტელის პოლიციის უბანზე მივიდა განცხადების ჩასაბარებლად, თუმცა პროცესი დროში ძალიან გაიწელა, რის გამოც ახალგაზრდა კაცი გაღიზიანებული გამოვიდა უბნიდან და პოლიციის მანქანა დააზიანა, რომელიც შენობის წინ იდგა. არსებული ინფორმაციით, როდესაც მას პოლიციის თანამშრომელი მიუახლოვდა უწესრიგობასთან ბრძოლის რაზმიდან, ჩხუბი გაჩაღდა. შედეგად 31 წლის ოფიცერმა კისრის არეში დანით სერიოზული ჭრილობა მიიღო.
28 წლის მამაკაცი დააკავეს, თუმცა 7 საათის შემდეგ გაუშვეს. ამ დროისთვის სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მას განზრახ არ მიუყენებია ჭრილობა პოლიციელისთვის. „არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ბრალდებულმა დანა წინასწარ განზრახვით გამოიყენა“, – ნათქვამია შაბათს, დღისით პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამრიგად, ამ დროისთვის „არ არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის მცდელობას“.
ბრალდებული დარეგისტრირებულია და ცხოვრობს ბერლინში. მოგვიანებით გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეებმა არ უნდა იფიქრონ, რომ იგი შეძლებს სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის დაღწევას. დანაშაულის სამართლებრივი შეფასება ჯერ არ დასრულებულა.
ნინო ხოშტარია