"ბავშობაში ეს ვერ წარმომედგინა" - მამარდაშვილის დებიუტს მოუთმენლად ელოდება

1 week ago 11

"ლივერპულის" ახალწვეულმა ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ზაფხულში "ვალენსიას“ დატოვების შემდეგ მერსისაიდულ კლუბში ყველა პრესეზონურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უკვე დიდი ხანია ელოდება ოფიციალურ დებიუტს.

ამბობენ, რომ 23 სექტემბერს, 23:00 საათზე, როცა "ლივერპული" ლიგის თასის მესამე რაუნდში "საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება ესეც შედგება.

მატჩის წინ "ლივერპულის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი მეკარის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მამარდაშვილი გულწრფელად საუბრობს საკუთარ ემოციებზე, შრომაზე და ბავშვობის ოცნებების ასრულებაზე:

გიორგი მამარდაშვილი:

„მოთმინება აუცილებელია. მთელი ეს პერიოდი თავდაუზოგავად ვმუშაობდი და აღფრთოვანებული ვარ, რომ დებიუტის შანსს მივიღებ. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ბედნიერებით ველოდები.

მნიშვნელობა არ აქვს, ვმუშაობ თუ ვთამაშობ — ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ალისონი ჩემს განვითარებაში ბევრ რამეში დამეხმარა. ბავშვობაში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ოდესმე მის გვერდით ვიქნებოდი, ან ისეთ ლეგენდებთან ერთად, როგორებიც არიან ვირჯილი და სალაჰი. ახლა მათთან ერთად ვვარჯიშობ და ეს დიდი ბედნიერებაა.

გუნდში უამრავი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ეს მანამდეც ვიცოდი, მაგრამ როდესაც მათ ყოველდღე ვხედავ, უფრო მეტად ვაცნობიერებ. ჩემთვის ყველა ტურნირი ერთნაირად მნიშვნელოვანია — ეს არის შესაძლებლობა, რომ ფანები გავახაროთ.

მამაჩემი მეკარე იყო და 25-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ნომერი. პეპე რეინას წინააღმდეგაც ვითამაშე
ვალენსიაში“ ყოფნისას — ის უდიდესი პროფესიონალია და შესანიშნავი ადამიანიც.“

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილს ოფიციალურ მატჩში "ლივერპულის“ მაისურით ჯერ არ დაუცვია კარი. მისი დებიუტი, დიდი ალბათობით, სწორედ 23 სექტემბერს „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ შედგება.

სრულად წაკითხვა