აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, მათ შორის 168 რესპუბლიკელმა და 181 დემოკრატმა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა 42-მა, მათ შორის 34 რესპუბლიკელმა და 8 დემოკრატმა კონგრესმენმა მისცა. კანონპროექტი ახლა სენატში უნდა განიხილონ და კენჭი უყარონ.
ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელების მიერ წარდგენილი ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“, მოსთხოვს პრეზიდენტს სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებსა და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც ჩართულნი არიან კორუფციაში ან ძალადობისა და დაშინების ქმედებებში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად. სანქციები უშუალოდ მათ ოჯახის წევრებსაც დაეკისრებათ.
„სამოქალაქო საქართველო“ MEGOBARI აქტის მიღებაზე ქართველი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ:
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
ლადო ბოჟაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: „თქვენ იცით, რომ ჯო უილსონი, რომელიც დიდი ხანია საქართველოს მტრობით გამოირჩევა, სხვის კორუფციაზე ლაპარაკობს და თვითონ კორუმპირებული კეზერაშვილის დაფინანსებით აკეთებს განცხადებებს, წარადგენს კანონპროექტს და ა.შ. კიდევ უფრო მძიმე შინაარსის კანონპროექტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო ინიციირებული და ახლა, სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, გრძელდება. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება, მათ შორის, უკვე სენატის, ან შემდეგ უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ის რომ ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალურ ომის პარტიაზე“, „დიფ სთეითზე“, ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხებს“.
გიორგი ჩაკვეტაძე, „ქართული ოცნება“: „ჩვენ ვგულშემატკივრობთ დონალდ ტრამპს ზოგადად გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ დამარცხებაში… ჩვენ ჩვენი მხრიდან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ყველა იმ პარტნიორთან რომელიც გვყავს, შესაბამისად, მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ დონალდ ტრამპს. ის აქტი, რომელიც დღეს, ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ ეს არის სამარცხვინო აქტი პირდაპირ შეიძლება ითქვას… ჩვენ უკვე დაველოდებით სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაწყვეტია… ყველაფერი არის მეგობრული აქტის გარდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის მტრული აქტი “.
ლევან მაჭავარიანი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ აქტს ჩვენ მტრულ აქტს ვეძახით, ვინაიდან იქ მეგობრული არაფერი წერია. ბატონი ვილსონი არის ამ ყველაფრის ავტორი, მოგეხსენებათ როგორი ოდიოზური პიროვნებაა, ლობისტი, რომელიც გამოიკვეთა, რომ მაგალითად ინაუგურაციის დროს ბილეთებით ვაჭრობდა, რაღაცა დროშებით ვაჭრობს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ამ პიროვნებაზე ჩვენ ვისაუბროთ ჩვეულებრივად როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტზე”.
გივი მიქანაძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი: „ეს აქტი შეიძლება ითქვას და მისი შინაარსი, როგორითაც ის არის წარმოდგენილი, პირდაპირ არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების შეურაცხყოფა. ეს აქტი მეგობარი შეიძლება იყოს რადიკალური დაჯგუფებებისთვის, თუმცა ფაქტია, რომ მასში მოყვანილი შინაარსი აბსოლუტურად შორს არის მეგობრობისგან…“
პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი: „ამერიკაში „MEGOBARI აქტის“ მიღება ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს ეს იმის გამო, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება, მაგრამ დასანქცირდებიან ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებლები იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში… ეს რეჟიმი დასასანქცირებელია, სხვა გამოსავალი არ არის და ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა ეს იციან… არ შეიძლება ამერიკა იმას ღებულობდეს, რომ საქართველოდან ოფიციალური პირები ამერიკას აბრალებდნენ ხან „ომის პარტიობას“, ხან „დიფ სთეითობას“ და ხან რას და ხან რას, ეს არის მიუღებელი! ეს არის ამერიკის, როგორც მეგობრის პასუხი. ჩვენ მეგობარს დავიბრუნებთ, როგორც კი ეს რეჟიმი შეიცვლება. ეს არის ჩვენი განაცხადი! დავიბრუნებთ არამხოლოდ ამერიკის მეგობრობას, დავიბრუნებთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ამ პერიოდში დაიკარგა და ასევე, დავიბრუნებთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია ამერიკასთან და არა იმ ქვეყნებთან, რომლის სია გამოქვეყნდა რამდენიმე დღის წინ. ასევე, დავიბრუნებთ თავისუფალ ვაჭრობას. ეს არის ჩვენი მომავალი ამ რეჟიმის გარეშე“.
ოპოზიცია
მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველო“: „MEGOBARI აქტი, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა! კი, „ქართული ოცნება“ ნამდვილად იქცა „ქართულ კოშმარად“ როცა ღირსება აყარა სასამართლოს; მოკლა ინსტიტუციები; ფიზიკურად იძალადა ხალხზე; დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას; დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე; დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა. დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI აქტი სწორედ ამის წინაპირობაა! გზავნილი მიღებულია – ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას“.
„კოალიცია ცვლილებისთვის“: „აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის მიღებას, რითიც ჩვენი ქვეყნის ამერიკელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს უდიდესი მხარდაჭერა ქართველ ხალხს და ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს ივანიშვილის უზურპატორი, მოძალადე, ავტორიტარული, რუსული რეჟიმის პასუხისმგებლობისკენ. მეგობარი აქტი ითხოვს – პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებასა და იმ პირების სანქცირებას, რომლებმაც ხელი შეუწყვეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის გავლენების ზრდას.
აქტის მხარდაჭერა ცხადყოფს, რომ ივანიშვილისა და მისი რეჟიმის წარმომადგენლების რიტორიკა თითქოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები შეიძლება საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიულ პროცესს შეეგუონ და უზურპატორი ე.წ. ხელისუფლების ლეგიტიმაცია აღიარონ, არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის გამიზნული პროპაგანდა. მეგობარი აქტის მიღებით ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ოცნების წინააღმდეგ ოფიციალურად, საკანონმდებლო დონეზე ამოქმედდა. ჩვენ, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნისა და საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ვიბრძვით, ვაფასებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას და დარწმუნებულნი ვართ, რომ მეგობარი აქტი მალე გაივლის დარჩენილ პროცედურებს, რაც ნიშნავს მძიმე წნეხს მათ წინააღმდეგ, ვინც ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ხოლო მნიშვნელოვან მხარდაჭერას მათთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის“.
გიორგი ვაშაძე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“: „მადლობა ჩვენს მეგობარ ამერიკას ამ გადამწყვეტ მომენტში ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის! მეგობრებო, ჩვენი უწყვეტი წინააღმდეგობა უკვე იძლევა შედეგს, აშშ-ის კონგრესმა ერთხმად მიიღო საქართველოს “მეგობარი აქტი”. ეს არის ერთიანი, მტკიცე გზავნილი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი დემოკრატიისგან: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი. საქართველო არის თავისუფლების მოყვარე ერი და მათი ბრძოლა იმსახურებს მხარდაჭერას. წარმოუდგენელი რამ მოხდა – 168 რესპუბლიკელმა და 181 დემოკრატმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ამ აქტს. ამერიკაში, სადაც პარტიებს თითქმის ყველა საკითხზე სერიოზული უთანხმოება აქვთ, ასეთი თანხმობა მხოლოდ ეროვნული მნიშვნელობის და პრინციპულად სწორ საკითხებზე მიიღწევა და დღეს ასეთი სკითხი გახდა ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის… ახლა ამ მხარდაჭერას უნდა მივცეთ გაგრძელება საქართველოში. უნდა ვიქცეთ ერთ მუშტად შეკრულ ერად რათა ეს წარმატება გადაიქცეს საერთო დიდ გამარჯვებად. ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა ყველაზე მთავარი წინ არის!“
ასევე წაიკითხეთ:
- 25/04/2025 – ჰელსინკის კომისია პარტნიორებს საქართველოში ახალი არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისკენ მოუწოდებს
- 02/04/2025 – აშშ-ის ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის ჩინური კონგლომერატისთვის გადაცემის გამო შეშფოთებას გამოხატავს
- 27/03/2025 – აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო
This post is also available in: English