ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ 22 წლის საქართველოს მოქალაქეს მიხეილ ჩხიკვიშვილს, რომელიც ცნობილია მეტსახელებით „მეთაური ყასაბი“ და „მიშკა“ და რომელსაც ბრალად ედებოდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ორგანიზება და მასობრივი ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვა, მათ შორის ბავშვებისთვის მოწამლული კანფეტების დარიგება, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ჩხიკვიშვილი „მანიაკი მკვლელის კულტის” ლიდერია. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული წარმოადგენს საერთაშორისო ნეონაცისტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომელიც მისდევს ნეონაცისტურ იდეოლოგიას და „მხარს უჭერს ძალადობას და ძალადობრივ აქტებს რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემის და სხვა იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც „არასასურველებად“ მიიჩნევიან“.
ჩხიკვიშვილი სხვებს ქირაობდა ხანძრების გასაჩენად და აფეთქებების მოსაწყობად. მას დაგეგმილი ჰქონდა თავდასხმის მოწყობა ახალი წლის ღამეს. მისი გეგმის თანახმად, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი ბრუკლინში მცხოვრებ რასობრივ უმცირესობებსა და ებრაელ ბავშვებს მოწამლულ კანფეტებს დაურიგებდა.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ჩხიკვიშვილი მანამდეც იყო სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულების ინსპირატორი, რომელთა შორისაა 2025 წლის იანვარში ნეშვილის სკოლაში განხორციელებული სროლა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის დამნაშავე; ასევე 2024 წლის აგვისტოში თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში, მეჩეთის წინ დანით განხორციელებილი თავდასხმა.
ჩხიკვიშვილი 2024 წლის ივლისში მოლდოვაში დააკავეს და 2025 წლის მაისში აშშ-ში გადაიყვანეს. ნოემბერში მან დანაშაული აღიარა.
This post is also available in:

14 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·