აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დანიის ნახევრადავტონომიურ რეგიონს, გრენლანდიას სტუმრობს 28 მარტს. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს კუნძული აშშ-ის კონტროლის ქვეშ მოექცეს.
ვენსის გრენლანდიაზე სტუმრობის თავდაპირველი გეგმა შეიცვალა. მის გამო აღშფოთება გამოხატეს დანიის, რომლის ტერიტორიაცაა კუნძული, და საკუთრივ გრენლანდიის ხელისუფლებებმა. ვენსი ეწვევა კუნძულის ჩრდილოეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას პიტუფიკში.
ტელეარხი TV2-ის ცნობით, ამერიკელთა დელეგაცია კუნძულზე ჩავა ევროპის დროით ნაშუადღევს, საქართველოს დროით საღამოს რვის ნახევარზე.
პიტუფიკი ევროპიდან არქტიკისკენ უმოკლეს გზაზე მდებარეობს და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის წინასწარი შეტყობინების სისტემისთვის. 1951 წლის შეთანხმებით, აშშ-ს აქვს უფლება ნებისმიერ დროს
ესტუმროს თავის სამხედრო ბაზას, მაგრამ უნდა შეატყობინოს გრენლანდიასა და კოპენჰაგენს.
თავიდან იგეგმებოდა, რომ ვენსის ცოლი, უშა, სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველ მაიკ უოლცთან ერთად ძაღლების პოპულარულ რბოლას დაესწრებოდნენ, მაგრამ გრენლანდიის და დანიის ხელისუფლებმა ისინი არ დაპატიჟეს.
დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა თავიდან ამ ვიზიტის თავდაპირველ გეგმებს „მიუღებელი“ უწოდა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი შემდეგ მიესალმა შეცვლილ გეგმას, რომლის თანახმად გრენლანდიას ეწვევა უოლცთან ერთად ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაიტი, იტყობინება TV2-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
დონალდ ტრამპმა 26 მარტს დაადასტურა თავის სურვილი გრენლანდიის დაკავების შესახებ და თქვა, რომ აშშ-ს სჭირდება სტრატეგიულად განლაგებული კუნძული ეროვნული ლა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. „მე მგონია, წავალთ იმდენად შორს, რამდენადაც გვჭირდება. გრენლანდია ჩვენ გვჭირდება, ჩვენ მთელ მსოფლიოს ვჭირდებით, დანიის ჩათვლით“- თქვა ტრამპმა.