აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მისთვის ცნობილია ირანის შეიარაღებული ძალების მუქარის შესახებ, რომლის თანახმადაც, სპარსულენოვანი მედიასაშუალებები, მათ შორის RFE/RL-ის „რადიო ფარდა“, შესაძლოა ირანის პოტენციური სამხედრო სამიზნეების სიაში მოხვდნენ.
ვაშინგტონი მიუთითებს თეირანის მიერ საზღვარგარეთ ჟურნალისტებისა და დისიდენტების დევნისა და მათზე თავდასხმის მცდელობების ისტორიაზე.
28 აგვისტოს, RFE/RL-ის შეკითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა: „ჩვენთვის ცნობილია ეს ცნობები“.
„ირანის რეჟიმი არაერთხელ ავიწროებდა და ცდილობდა გაეტაცებინა და მოეკლა ჟურნალისტები და ირანელი დისიდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საკუთარი თავისუფლებებით სარგებლობდნენ. ეს არის რეჟიმის დიდი ხნის, სამარცხვინო პრაქტიკა, რეჟიმისა, რომელიც ათწლეულებია ტერორს ავრცელებს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „შეერთებული შტატები მხარს უჭერს ირანის სამიზნედ ქცეულ მშვიდობიან მოქალაქეებსა და მოკავშირეებს და პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას ამ მუქარების გამოსავლენად, საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მისაცემად“.
ამ კვირის დასაწყისში სატელევიზიო ინტერვიუში, ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ რამდენიმე მედიაორგანიზაცია დაასახელა, მათ შორის, „რადიო ფარდა“, Iran International-ი, BBC Persian-ი და Manoto და განაცხადა, რომ ამ მედიასაშუალებების თანამშრომლები შესაძლოა ირანის „სამხედრო სამიზნეების ბანკში“ შეიყვანონ.
ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორისა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის განცხადებით, თეირანის მუქარა იმ მედიასაშუალებების მნიშვნელობასა და გავლენაზე მიუთითებს, რომლებიც ირანმა შესაძლო სამიზნეებად დაასახელა.
„გასაკვირი არ არის, რომ ირანის რეჟიმი ისეთ მედიასაშუალებებს, როგორებიცაა „რადიო ფარდა“ და BBC-ის სპარსულენოვანი სამსახური, საფრთხედ აღიქვამს, რადგან მას არ სურს, ირანის მოსახლეობამ იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება“, - უთხრა კრამერმა რადიო თავისუფლებას.
„რეჟიმის რეაქცია აჩვენებს, რომ ამ მედიასაშუალებებს ირანში რეალური გავლენა აქვთ, მაშინ როცა რეჟიმს ურჩევნია, საკუთარი ხალხისა და მეზობლების წინააღმდეგ დუმილისა და ძალადობის გზით იმოქმედოს“, - განაცხადა მან.
„რადიო ფარდა“ „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ირანული სამსახურია. RFE/RL-ის მისიაა დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა ზუსტი, ცენზურისგან თავისუფალი ინფორმაციისა და ღია დისკუსიის უზრუნველყოფით იმ ქვეყნებში, სადაც თავისუფალ პრესას საფრთხე ემუქრება და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული.
radiotavisupleba ახალი ამბები