შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 31 704-მა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 88 %-ს შეადგენს.
2025 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 000 - ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000 - მდე გამოსაცდელი. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას 1 700-ზე მეტი აპლიკანტი გააგრძელებს - დაფინანსდა 700-ზე მეტი გამოსაცდელი.
kvirispalitra.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის სრული დაფინანსება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების ჩაბარებით მოიპოვეს.
ნინო არახამია იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომელმაც 100 %-იანი გრანტი მოიპოვა.მან 4 გამოცდა ჩააბარა და საუკეთესო შედეგებით მიაღწია სასურველ შედეგს: მათემატიკაში - 50, ქართულში - 51, ფიზიკაში- 58, ხოლო ინგლისურში - 68 ქულა აიღო. წარმატებული აბიტურიენტი თავისუფალ უნივერსიტეტში ფიზიკის პროგრამაზე ისწავლის.
- გილოცავთ წარმატებას, რომელი სკოლის კურსდამთავრებული ხართ და ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?
- სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. რადგან კომაროვში ხშირად გვქონდა ქვიზები მეტად მომზადებული და მოტივირებული ვიყავი, ვთვლი შედეგები იყო დამოკიდებული გამოცდილებაზე, ნერვიულობის ფაქტორზე, რაც გადალახული მქონდა კომაროვში, აქედან გამომდინარე მოულოდნელი არ ყოფილა შეფასებები.