საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძეში „აფლატოქსინის” აღმოჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.
ზურაბ ჩეკურაშვილი განმარტავს, რომ პროდუქტი სადაც დარღვევა გამოვლინდა, ქსელიდან დაუყონებლივ ამოიღეს.
გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საბაჟო სამსახურმა იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე კონტროლიც გაამკაცრა.
“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გამჭვირვალობა, საზოგადოების ინფორმირება, მასთან კომუნიკაცია, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, ჩვენი, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია.
პირველი და მნიშვნელოვანი – კომპანია “სოფლის ნობათის” რძის კონკრეტულ პარტიებში დაფიქსირებულ აფლატოქსინთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმოქმედა საერთაშორისო სტანდარტის და პრაქტიკის შესაბამისად. დარღვევის გამოვლენისთანავე, საზოგადოებას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია. სააგენტოსთან აქტიურად ითანამშრომლა კომპანიამ. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყველა ის პარტია, სადაც დარღვევა იყო, სააგენტოს ზედამხედველობით, სრულად არის ამოღებული ქსელიდან.
სააგენტოს მისამართით დაისვა კითხვა დახლებზე განთავსებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ – არ არსებობს არანაირი შეშფოთების საფუძველი.
სამომხმარებლო ქსელში არსებული პროდუქცია მაქსიმალურად კონტროლდება, ისევე როგორც აქტიურად მოწმდება თვითონ საწარმოები.
ორიოდე სიტყვით შევეხები რძის და რძის პროდუქციის წარმოებაში არსებულ ვითარებას. ეს ის სექტორია, რომელიც გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია, რაც კიდევ ერთი წინაპირობაა იმისა, რომ მომხმარებლის ინტერესები უმთავრესი პრიორიტეტია”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა.
პრესკონფერენციაზე აღინიშნა, დარღვევა გამოვლინდა იმპორტირებულ რძეში, შესაბამისად, საბაჟო სამსახურთან თანამშრომლობით, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება.
პრესკონფერენციას დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა ალფატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა დაიწყო.