უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ 21 სექტემბერს, ღამით განაცხადა ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა, 22 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორი საათისთვის კი მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოროსის რაიონში დაიღუპა 3 და დაიჭრა 16 ადამიანი.
აქსიონოვის თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად სანატორიუმ „ფოროსის“ ტერიტორიაზე დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. რა ობიექტებია ეს, ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურს არ დაუკონკრეტებია. აქსიონოვის ცნობითვე, დაბაში დაზიანებულია სკოლის შენობაც.
ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სანატორიუმ „ფოროსში“ იმყოფებოდნენ „ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები“. ვინ, წყაროს არ დაუკონკრეტებია. დრონებით შეტევამდე სანატორიუმმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 21 სექტემბერს მისი რესტორანი დაკეტილია სპეცმომსახურების გამო.
რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ. რეალიის“ ინფორმაციით, დაბა ფოროსსა და ქალაქ იალტას შორის მდებარეობს ოთხი სახელმწიფო აგარაკი, რომლებსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იყენებს რუსეთის პოლიტიკური ელიტა.
რუსული გამოცემის, „პროექტის“ გამოძიების თანახმად, ამ აგარაკებიდან ორს პირადად პუტინი იყენებს.
1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ოჯახთან ერთად ფოროსის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე გადაიყვანეს.