აკავებენ გიგა ავალიანის მოსწავლეს, მსჯავრდებულის შეყვარებულს, არასრულწლოვან ნ.ი-ს - ადვოკატი

1 hour ago 2

თბილისში ამ წუთებში სავარაუდოდ აკავებენ ახალგაზრდა პედაგოგის, ოქტომბერში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი გიგა ავალიანის ყოფილ მოსწავლეს, მთავარი მსჯავრდადებულის შეყვარებულს, არასრულწლოვან ნ.ი-ს.

ინფორმაცია და კადრები არასრულწლოვნის ადვოკატმა გიორგი ლეკიშვილმა გაავრცელა.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სგან ინფორმაციის მიღებას.

ლეკიშვილის კადრებში ჩანს, რომ არასრულწლოვნის ოჯახის ბინაში პოლიციელები არიან, ანერვიულებული მშობლები კი მათ ხმამაღლა ესაუბრებიან.

„რატომ მიგყავთ ჩემი შვილი“? - ეკითხება, სავარაუდოდ, დედა, სამართალდამცავებს. პოლიცია მას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„რის საფუძველზე [აკავებთ]? რა წერია იმ განჩინებაში?!“ - ეკითხება ის პოლიციას.

„გაეცნო ადვოკატი განჩინებას“ - ამბობს ერთ-ერთი პოლიციელი.

ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს განჩინებაში „ფორმალური რაღაცები წერია, არაფერი კონკრეტული“.

ამ არასრულწლოვნის დაპატიმრებას გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს, - რადგან მას თავის შვილზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევს, - თუმცა ნ.ი-ის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

  • მასწავლებელ გიგა ავალიანზე ძალადობის შემდეგ - რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა - სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.
  • 28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღეს იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
  • გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ „საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხდართან კავშირში მყოფი ყველა პირის დაკავების პირობას დებს, მათ შორის ექიმების, პროკურორებისა და გამომძიებლების.
  • ნ.ი. არის ამ საქმეზე მთავარი მსჯავრდებულის, არასრულწლოვანი ა.გ-ის შეყვარებული. ის ავალიანის მოსწავლე იყო.
  • მთავარი მსჯავრდებული დამნაშავედ ცნეს ჯანმრთელობისთვის ისეთი მძიმე დაზიანების მიყენებაში, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია.
სრულად წაკითხვა