გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა 20 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია დაგმო და განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა „რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ“.
გაეროს უშიშროების საბჭომ 20 აგვისტოს დახურული სხდომა გამართა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, ამერიკის, აზიისა და ოკეანეთის საკითხებში, მოჰამედ ხალედ ხიარიმ „საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა“.
სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ლატვიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების – ავსტრიისა და პორტუგალიის წარმომადგენლები.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და შემდგომი უკანონო ოკუპაციიდან.
„2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთი აგრძელებს ამ გზას უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული უპასუხისმგებლო და სახიფათო ქმედებებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, დაგმეს რუსეთის „სასტიკი შემოჭრა და გაეროს წესდების დარღვევით მიმდინარე უკანონო სამხედრო ყოფნა, ასევე მის მიერ ეფექტური კონტროლის განხორციელება და საქართველოს ორი რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები