თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შეიცვალა ციფრული მარკეტინგი: კონტენტის ფორმა, ალგორითმების მუშაობა, SEO-ს მნიშვნელობა და ზოგადად ის გზა, რომლითაც ბრენდები აუდიტორიასთან ურთიერთობენ. და თავის მხრივ, მომხმარებელმაც განიცადა ცვლილება. დღეს ადამიანებისთვის პროდუქტისა თუ სერვისის ხარისხსა და ფასთან ერთად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის გამოცდილება, რომელსაც ციფრულ არხებზე იღებენ. სწორედ ამიტომ, ბრენდებს უფრო ადამიანურად უწევთ საუბარი. ცივი, კორპორაციული, ზედმეტად გაპრიალებული ტექსტები სულ უფრო ნაკლებად მუშაობს. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრა ალექსანდრე ჩომახიძე – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი სქართველოში, რომელიც სფეროს ტრანსფორმაციას წლებია შიგნიდან აკვირდება.
სანდრო, რამდენი წელია ამ სფეროში ხართ? და რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი?
ციფრული მარკეტინგით 2008 წლიდან დავინტერესდი, როცა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. მაშინ ეს სფერო საქართველოში თითქმის არავის ესმოდა. არც საკმარისი მასალა იყო, არც კურსები და არც ისეთი გარემო, სადაც ვინმე გეტყოდა, მოდი, ეს პროფესია ისწავლე, მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი გახდებაო.
ჩემი პირველი ინტერესი მუსიკიდან და YouTube-იდან დაიწყო. გიტარაზე ვუკრავდი, ვიდეოებს ვდებდი და მაინტერესებდა, რატომ ნახულობდა ზოგიერთ ვიდეოს მეტი ადამიანი, ზოგი კი იკარგებოდა. ასე მივედი SEO-მდე, ალგორითმებამდე და ციფრული პლატფორმების ლოგიკამდე. მაშინ ჯერ არ ვიცოდი, რომ ამას პროფესია ერქვა, უბრალოდ, ვცდილობდი გამეგო, როგორ მუშაობდა ინტერნეტი. შემდეგ ეს ინტერესი უკვე საქმეში გადაიზარდა. დავიწყე სწავლა, ექსპერიმენტები, პირველი საერთაშორისო პროექტები, მოგვიანებით – სწავლება და ტრენინგები.
ჩემთვის ციფრული მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა ან გაყიდვები არ არის. ეს არის ადამიანების ქცევის, ტექნოლოგიის, კომუნიკაციისა და კრეატივის გადაკვეთა. ალბათ სწორედ ეს მომწონს ყველაზე მეტად. აქ არასდროს ჩერდები, მუდმივად სწავლობ.

როგორ შეიცვალა ციფრული მარკეტინგი ბოლო 2-3 წელიწადში?
შეიძლება ითქვას, რომ „ხელით მართვიდან“ უფრო მეტად გადავედით ალგორითმების ეპოქაში. ადრე მარკეტერი ბევრ რამეს თავად აკონტროლებდა – აუდიტორიებს, ინტერესებს, დეტალურ სეგმენტაციას, კამპანიის სტრუქტურას. დღეს კი პლატფორმები უფრო და უფრო მეტად გვეუბნებიან: „მომეცი კარგი კონტენტი, კარგი სიგნალები და დანარჩენს ალგორითმი გააკეთებს“.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარკეტერის როლი შემცირდა, პირიქით, უბრალოდ, შეიცვალა. დღეს აღარ არის საკმარისი მხოლოდ Ads Manager-ის ღილაკების ცოდნა. მარკეტერს უნდა ესმოდეს სტრატეგია, მომხმარებლის ფსიქოლოგია, მონაცემები, კონტენტი, ბრენდის ხმა და ტექნოლოგიები.
ასევე ძალიან შეიცვალა მომხმარებელიც. ადამიანები უფრო სკეპტიკურები გახდნენ. მათ აღარ სჯერათ ზედმეტად გაპრიალებული რეკლამების. დღეს უფრო მუშაობს ნამდვილი ხმა, გულწრფელი კომუნიკაცია, პრაქტიკული ღირებულება და ისეთი კონტენტი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ მას კი არ „ყიდიან“, არამედ ეხმარებიან.
AI უკვე რეალურად ცვლის მარკეტინგს? როგორ უნდა გამოიყენოს ადამიანმა AI ისე, რომ ინდივიდუალობა არ დაკარგოს?
AI უკვე რეალურად ცვლის მარკეტინგს. მას შეუძლია დაგვეხმაროს იდეების გენერირებაში, ტექსტების სტრუქტურირებაში, კვლევაში, ვიზუალების შექმნაში, მონაცემების ანალიზში, კამპანიის დაგეგმვასა და ბევრ სხვა პროცესში.
მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის, რომ თუ ადამიანი AI-ს უბრალოდ „დააკოპირებინებს“ აზრს, საბოლოოდ დაკარგავს საკუთარ ხმას. AI უნდა იყოს არა შენი შემცვლელი, არამედ შენი ასისტენტი. მან შეიძლება დაგაჩქაროს, დაგალაგებინოს აზრები, დაგანახოს ალტერნატიული კუთხეები, მაგრამ საბოლოო ხედვა მაინც ადამიანისგან უნდა მოდიოდეს. ყველაზე კარგი შედეგი მაშინ მიიღება, როცა AI ამუშავებს ადამიანის ნამდვილ გამოცდილებას და არა ცარიელ ფრაზებს.
AI არ გაკარგვინებს ინდივიდუალობას, თუ შენ თვითონ გაქვს ინდივიდუალობა. თუ შენი აზრი, ხმა და პოზიცია გაქვს, AI უბრალოდ, უკეთ გამოგახატვინებს მას.
რა ტიპის კონტენტს აქვს ყველაზე დიდი მომავალი?
ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ბრენდები ამბობენ: „მოდი, ვირუსული ვიდეო გავაკეთოთ“. ვირუსულობა მიზანი კი არ უნდა იყოს, შედეგი უნდა იყოს. მიზანი უნდა იყოს ძლიერი იდეა, ზუსტი მესიჯი და აუდიტორიის რეალური გაგება.
მომავალი კი აქვს სამი ტიპის კონტენტს: საგანმანათლებლო, ადამიანურ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ კონტენტს.
ადამიანები ინტერნეტში მხოლოდ გასართობად აღარ არიან. ისინი სწავლობენ, ადარებენ, არჩევენ, ეძებენ პასუხებს. თუ ბრენდი ან ადამიანი მათ რეალურ ცოდნას აძლევს, ნდობა იზრდება. AI-ის ეპოქაში იდეალურად დაწერილი ტექსტები და ლამაზი ვიზუალები ძალიან ბევრი იქნება. ამიტომ უფრო ღირებული გახდება ის, რაც ნამდვილს ჰგავს – ხმა, გამოცდილება, ემოცია, შეცდომები, პირადი ისტორია. მომავალში ინფორმაცია ყველას ექნება, განსხვავებას შექმნის ის ადამიანი, ვინც იტყვის: „მე ეს გამოვცადე, ეს ვისწავლე, ეს შეცდომა დავუშვი და აი, რა დასკვნამდე მივედი“.
რომელი პროფესიები გაძლიერდება AI-ის ეპოქაში?
AI-ის ეპოქაში გაძლიერდება ის პროფესიები, სადაც საჭიროა აზროვნება, კრეატივი, სტრატეგია, ადამიანთან ურთიერთობა და გადაწყვეტილების მიღება.
გაძლიერდებიან მარკეტერები, რომლებიც მხოლოდ რეკლამის გაშვებას კი არ სწავლობენ, არამედ ბიზნესს უყურებენ მთლიანობაში. გაძლიერდებიან კონტენტ სტრატეგები, კრეატიული დირექტორები, ბრენდის სპეციალისტები, მონაცემთა ანალიტიკოსები, UX/UI სპეციალისტები, AI ავტომატიზაციის სპეციალისტები და ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიას ბიზნესის პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახდება მასწავლებლის, ტრენერის და მენტორის როლი. როცა ინფორმაცია ძალიან ბევრია, ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ პასუხი, არამედ სწორად ახსნა, მიმართულება და კონტექსტი.
AI არ გააქრობს ყველა პროფესიას, მაგრამ ძალიან მკაცრად გადაარჩევს ადამიანებს. ვინც მხოლოდ მექანიკურ საქმეს აკეთებს და არ ვითარდება, მას გაუჭირდება. ვინც AI-ს გამოიყენებს როგორც გამაძლიერებელს, ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.
რა უნარები გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტერებისთვის?
უპირველესად, სტრატეგიული აზროვნება. ინსტრუმენტები ბევრს ეცოდინება, მაგრამ ყველას არ ეცოდინება, რატომ აკეთებს კონკრეტულ კამპანიას, ვის ელაპარაკება და რა ბიზნესშედეგს ელოდება. მარკეტერმა უნდა იცოდეს არა მხოლოდ რიცხვების წაკითხვა, არამედ მათი სწორად ინტერპრეტაცია. ასევე, უნდა ჰქონდეს კონტენტისა და კომუნიკაციის უნარი. დღეს ბრენდს სჭირდება ხმა, პოზიცია და ადამიანური ენა. მარკეტერი უნდა ხვდებოდეს, როგორ ფიქრობს მომხმარებელი და რა ფორმით უნდა მიაწოდოს მესიჯი.
და, რა თქმა უნდა, AI literacy, ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის უნარი. მომავალში ეს ისეთივე საბაზისო უნარი გახდება, როგორიც დღეს Google-ის გამოყენებაა.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ სფეროში მუშაობას, რას ურჩევდით?
ყველაფრის სწავლა შესაძლებელია ონლაინ სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ, Ads Manager-ის, TikTok-ის ან Google Ads-ის ტექნიკური ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია. რეალური ძალა არის აზროვნებაში: როგორ ხედავ პრობლემას, როგორ პოულობ გამოსავალს, როგორ აანალიზებ აუდიტორიას და როგორ ქმნი ღირებულებას.
ბევრი იკითხონ, ბევრი დატესტონ და შეცდნენ. ციფრული მარკეტინგი მხოლოდ თეორიით არ ისწავლება. უნდა გაუშვა კამპანია, ნახო შედეგი, მიხვდე, რამ არ იმუშავა და თავიდან სცადო.
და ბოლოს, არ დაკარგონ ადამიანურობა, რეპუტაცია ყველაზე დიდი კაპიტალია. შეიძლება ალგორითმი შეიცვალოს, პლატფორმა შეიცვალოს, ინსტრუმენტი შეიცვალოს, მაგრამ პატიოსანი დამოკიდებულება, შრომა და ადამიანებისთვის რეალური დახმარების სურვილი ყოველთვის ფასობს.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·