თეონა თავართქილაძე OK!-სთან ინტერვიუში ახლა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ეტაპზე – ბებიის როლსა და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ქართველი დიზაინერი და ანტრეპრენერი ოჯახური მოვალეობებისა და აქტიური ცხოვრების შეთავსებას ყოველთვის ახერხებდა, თუმცა შვილიშვილების დაბადების შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, ბევრი რამ შეიცვალა. შეიცვალა მისი დღის რეჟიმი, პრიორიტეტები და დამოკიდებულებები. თეონასთვის ეს ეტაპი თავიდან სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გამოცდილებამ შესძინა, უპირობო სიყვარულია.
თეონა, „ბებიის“ სტატუსი რამდენად რთული აღმოჩნდა და როგორ ახერხებთ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას?
სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ბებიის პასუხისმგებლობა. ამხელა გრძნობა თუ საერთოდ არსებობდა, რასაც შვილიშვილის სიყვარული ჰქვია, ვერც წარმოვიდგენდი. სოფიას დაბადების შემდეგ, ფაქტობრივად, ჩვენი მთელი ცხოვრება სხვანაირად გადაეწყო. ბევრ რაღაცას ვეღარ ვახერხებ. აი, მაგალითად, ადრე ძალიან აქტიურად ვვარჯიშობდი, ახლა უკვე მიწევს, რომ ვარჯიში კვირაში ორ დღემდე შევამცირო, რადგან ბავშვებს ყურადღება არ მოვაკლო. როდესაც რეზი გაჩნდა, დროის განაწილება კიდევ უფრო გართულდა. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, როდესაც მოცემულობა გაქვს, სურვილის შემთხვევაში ყველაფერი მაინც გამოგდის.

გაგვაცანით თქვენი შვილიშვილები, როგორ შეცვალეს თქვენი ხედვა?
სოფია არველაძე ორი წლისაა, რეზი არველაძე კი რვა თვის. მე ყოველთვის მეგონა, შვილიშვილი იმიტომ გიყვარს, რომ შენი შვილის შვილია, მაგრამ საერთოდ სხვანაირად ყოფილა. აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ის პატარა ადამიანი გიყვარს თავისი არსით და არა რაღაც მიზეზის გამო. ეს არის უპირობო სიყვარული, რომელიც საერთოდ სხვა გრძნობაა.
თავად თუ გრძნობდით ბებიების მხარდაჭერას, როცა შვილებს ზრდიდით და ახლა როგორი საყრდენი გინდათ, რომ იყოთ თქვენი შვილებისთვის?
მგონია, რომ სანამ პატარა ხარ, ნაკლებად გრძნობ დედობის პასუხისმგებლობას და ბებიების იმედი გაქვს. მე ასე ვიყავი, ყოველ შემთხვევაში. ზუსტად ასეთი იმედი მინდა ვიყო მეც ჩემი შვილებისთვის. მინდა იცოდნენ, რომ არ არსებობს გარემოება, რომელსაც ვერ გადავდებ, თუ მათ ან ჩემს შვილიშვილებს ვჭირდები.
როგორ ატარებთ დროს სოფიასა და რეზისთან, გაქვთ უკვე ერთობლივი საყვარელი საქმე, რომლის კეთებაც გიყვართ?
რეზისთან ჯერ ასე ჩამოყალიბებული ჩვევები არ მაქვს, რადგან პატარაა, თუმცა სოფიას ჩემ მიმართ თავისი მოლოდინები აქვს. მას ჰგონია, რომ ჩემთან ერთად ყველაფერი შეიძლება და თუ ერთად ვართ, ნიშნავს, რომ სადღაც უნდა წავიდეთ. კარში რომ შემოვდივარ, მეკითხება: „სად მივდივართ?“. შემდეგ, თუ ამინდი გვიწყობს ხელს, გარეთ ყოფნა გვიყვარს. ყოველთვის მინდა, რა შეიძლება და რა არა, კარგად ავუხსნა. პირდაპირ „არა“-ს ან „კი“-ს არ ვეუბნები. ვუხსნი, რატომ არა ან რატომ კი. როგორც ვხვდები, ყოველთვის ამართლებს, როცა ბავშვს ზრდასრულივით ელაპარაკები.

როდესაც სოფიას უყურებთ, თუ პოულობთ მასში საკუთარ თავს ან ბავშვობას ხომ არ გახსენებთ?
დედაჩემი ამბობს, რომ სოფია ძალიან ბევრი რამით აგონებს პატარა თეონას, თუმცა ჩემზე ძირითადად იმას იხსენებს ხოლმე, რომ პირდაპირ, ხელში რაც მომხვდებოდა, ყველაფერს ძირს ვყრიდი.
თქვენი მეუღლე, რეზი, როგორი ბაბუა აღმოჩნდა?
რეზი ისეთი მამაა, მოსალოდნელიც იყო, რომ ასეთი ბაბუა აღმოჩნდებოდა, თუმცა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. სოფიას სიტყვა რეზისთვის კანონია. აი, მაგალითად: სოფიას ძალიან მოსწონს, როდესაც ჩვენს ქუჩაზე დასუფთავების მანქანა მოდის. მანქანაში მყოფ ადამიანებს ხელს უქნევს და ეს პროცესი ძალიან მოსწონს. იმ დღეს ვეკითხები რეზის, სად ხართ-მეთქი და მპასუხობს: სოფია მიზის მანქანაში, ქალაქში დასუფთავების მანქანას დავეძებთო. მერე უპოვიათ და ბოლომდე გაჰყოლიან ქალაქში. (იცინის)
ბებიობის ეტაპმა რა შემატა თქვენს ცხოვრებას და რამე ახალი თვისება ხომ არ აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში?
სიყვარული, ახალი ხარისხის სიყვარული. აღმოვაჩინე, რომ მათზე წინ არაფერი დგას და ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
ბავშვები რომ გაიზრდებიან, როგორი ბებია გსურთ, რომ ახსოვდეთ თქვენს შვილიშვილებს?
ალბათ, როგორიც მე მახსოვს ბებიაჩემი. იმასთან მიახლოებული მაინც თუ ვიქნები, ჩავთვლი, რომ კარგი ბებია ვარ.

ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი

15 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·