ქართველი ცხენოსანი, თათული ვაჩაძე, პირველი ქართველი ქალი გახდა, ვინც Cheval Essaouira-ს მიერ ორგანიზებულ ცხენოსნობის ღონისძიებში, “International Trek of Peace“-ში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 2026 წლის 1 თებერვალს, მაროკოს პატარა, ზღვისპირა ქალაქში გაიმართა.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 5 000-ზე მეტი მხედარი დარეგისტრირდა, თუმცა შერჩევის პროცესმა მხოლოდ 30 გამოარჩია — მათ შორის იყო თათული ვაჩაძე – პირველი ქართველი გახდა, ვინც ამ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა და ჩვენი ქვეყნის დროშა აღმართა.
Cheval Essaouira – ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხენოსნობის კლუბი, რომელიც მაროკოს პატარა ქალაქ – ესაუირაში მდებარეობს. კლუბის მთავარი დევიზია – “La vie est belle” — ცხოვრება მშვენიერია. ამ საოცარი და უნიკალური გამოცდილების შესახებ თათული OK magazine-სთან თავად საუბრობს.

როგორ დაიწყო თქვენი სიყვარული ცხენების მიმართ?
ცხენები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიყვარულია. მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა მხოლოდ წელიწად ნახევრის წინ დავიწყე, ჩემთვის ეს კავშირი თითქოს ყოველთვის არსებობდა. ცხენის წელში ვარ დაბადებული და ცხენი ყოველთვის მიმაჩნდა ჩემს – Spiritual animal-ად. მამა ახალგაზრდობაში ჯირითობდა და სულ მეუბნებოდა: “ერთხელ რომ დაჯდები ცხენზე, მოიწამლები მათი სიყვარულით და ვეღარასოდეს მოეშვებიო” – ასეც აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 35 წლის ასაკში მოვახერხე ამეხდინა ეს ოცნება, რადგან, ბევრი წელი დავუთმე სწავლას საზღვარგარეთ. ცხენები ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ჰობი — ისინი ჩემი სიმშვიდე, ჩემი თერაპია და ჩემი პიროვნების ნაწილია.
როდის მიხვდით, რომ ცხენოსნობა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა?
2025 წლის 13 იანვარს, როდესაც, პირველად ჩავდგი ფეხი უზანგებში, ჩემში ისეთი ძლიერი, ამაღელვებელი და ფანტასტიკური შეგრძნება გაჩნდა, იმ წამს მივხვდი — აღარასდროს მინდოდა ამ გრძნობის გარეშე ცხოვრება.

როგორ გაიგეთ “International Trek of Peace”-ის შესახებ?
მე საკმაოდ აქტიური ვარ სოციალურ ქსელებში. მრავალი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს Instagram-ზე ყველაზე პოპულარულ და ცნობილ საცხენოსნო კლუბებს, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია Cheval Essaouira. მათი ჯადოსნური კონტენტი ყოველთვის იყო ჩემთვის დიდი შთაგონება — შორიდან ვოცნებობდი, რომ ოდესმე მეც ვიქნებოდი მათი ზღაპრული სამყაროს ნაწილი. Cheval Essaouira-მ, რომელმაც ეს ტრეკი მოაწყო, გამოაცხადა კონკურსი, რომელიც შევიტყვე ინსტაგრამის მეშვეობით. სწორედ ამან გამიღო გზა ამ საოცარი გამოცდილებისკენ და ჩემი ოცნება რეალობად აქცია.
რას გრძნობდით, როდესაც გაიგეთ, რომ 5000 მონაწილიდან ერთ-ერთი გამარჯვებული იყავით?
ველოდებოდი 1 თებერვალს, დღეს, როცა გამარჯვებულების გამოცხადება დააანონსეს და ეს დღე უსასრულოდ გაიწელა. როდესაც გავიგე, რომ 5000-ზე მეტ მონაწილეს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი, თავიდან ეს ყველაფერი ვერც კი გავიაზრე. გულის სიღრმეში ყოველთვის მჯეროდა, რომ ამირჩევდნენ —თუმცა, ამის ხმამაღლა თქმა მეშინოდა. არ მინდოდა იმედგაცრუება, თუ ეს არ მოხდებოდა. ჩემთვის, ჩუმად ველოდი გამარჯვებულების სახელებს. და შემდეგ ეს მოხდა. იმ მომენტში, როცა ჩემი სახელი დავინახე, ისეთი ემოციების ტალღა დამეტაკა გულში, რომ მაშინვე ავტირდი — ვეღარ შევიკავე თავი. ეს, ალბათ იყო იღბლის, მადლობისა და სიამაყის განცდა ერთად, რომლებმაც ერთდროულად მოიყარა თავი და გახდა ერთი დაუვიწყარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.
რამდენად რთული იყო შერჩევის პროცესი?
შერჩევის კრიტერიუმები არ იყო საჯარო და პროცესი სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა.

როგორი იყო პირველი დღე ესაუირაში?
მე 8 წელია, ვცხოვრობ დუბაიში, აქდან გამომდინარე დუბაიდან პირდაპირი რეისით გავფრინდი მაროკოს ქალაქ – კასაბლანკაში და გადაყვიტე, მანქანით, თავად გამევლო გზა ესაუირასკენ, დაახლოებით 380 კილომეტრი, რომელმაც ეს მოგზაურობა კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადა. თავად მინდოდა მენახა მაროკოს სილამაზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა გახლდათ აფრიკის კონტინენტზე. ესაუირა პატარა, ცოცხალი და ულამაზესი ქალაქია, კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანებით სავსე. როდესაც 30 მონაწილე სხვადასხვა ქვეყნიდან პირველად შევხვდით ერთმანეთს, ეს იყო დაუვიწყარი შეგრძნება — იმდენი განსხვავებული კულტურის, ისტორიისა და ხედვის მქონე ადამიანის ერთ სივრცეში ყოფნა მართლაც უნიკალური გამოცდილება იყო. ეს გახდა არა მხოლოდ ცხენოსნობის ტრეკი, არამედ ერთიანობის, მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლო — ცხენების საერთო სიყვარულის მეშვეობით, ჩვენ ხომ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა – ცხენების სიყვარული. ჩვენ შევხვდით Cheval Essaouira-ს მფლობელებს, მოჰამედსა და სტეფანის, რომლებმაც აგვიხსნეს ყველა წესი, გაგვაცნეს ჩვენი ცხენები და დაგვინაწილეს ისინი. და, სწორედ აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ჯადოსნური თავგადასავალი — 22 კილომეტრიანი მანძილით ბანაკისკენ, სადაც ტრეკის განმავლობაში ყველა ერთად ვცხოვრობდით.
რა იყო ყველაზე რთული გამოწვევა ამ ტრეკის განმავლობაში?
ეს ტრეკი არ იყო მხოლოდ ლამაზი და სასიამოვნო მომენტები — ის ასევე იყო სავსე გამოწვევებით, მოულოდნელი სიტუაციებით, გამძლეობით და გუნდურად ადაპტაციის სწავლით. ყოველ დღე ცხენებით გავდიოდით დაახლოებით 22 კილომეტრს, ვამოწმებდით საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ შესაძლებლობებს და ვსწავლობდით როგორ გავმკლავებოდით სხვადასხვა რთულ სიტუაციებს 30 ძლიერი ულაყის თანხლებით. ამ 3 დღის განმავლობაში, თითოეული ცხენი, რომელიც ჩვენ გაგვინაწილეს, სრულად ჩვენს პასუხისმგებლობაში იყო. ჩვენ ვზრუნავდით ყველაფერზე — ვკვებავდით, ვუვლიდით, ვბანავდით, ვვარცხნიდით, ვამოწმებდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მათ უსაფრთხოებას მუდმივად ვუზრუნველყოფდით. ღამითაც კი მათი კეთილდღეობა და დაცულობა ჩვენზე იყო დამოკიდებული. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობისა და ნდობის განცდა, რომელმაც ეს გამოცდილება კიდევ უფრო ღირებული გახადა, რადგან ეს არ იყო უბრალოდ ცხენოსნობა — ეს იყო რეალურად ცოცხალ არსებაზე ზრუნვა.
ყველაზე ემოციური მომენტი რომ გაიხსენოთ?
ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი იყო ის დაუჯერებელი სიამაყის განცდა, როდესაც პირველად დავიჭირე საქართველოს უზარმაზარი დროშა ხელში და ატლანტის ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, 29 სხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად გავაქროლე ჩემი რაში – ოსკარი. ეს იყო შეგრძნება, თითქოს ჩემს ქვეყანას ვატარებდი ჩემთან ერთად, მსოფლიოს გვერდით, ერთ რიტმში, ერთი მიზნისთვის და დაუვიწყარ ერთიანობის მომენტში.

რას ნიშნავდა თქვენთვის საქართველოს დროშის აღმართვა?
იმის მიუხედავად, რომ უკვე 8 წელია საქართველოში აღარ ვცხოვრობ, ჩემს ქვეყანასთან კავშირი და ემოციები, დროის გასვლასთან ერთად, მხოლოდ უფრო გამიძლიერდა. ვცდილობ, საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინო ყველგან და ყოველთვის. ამ ტრეკის დროს საქართველოს დროშის ტარება ჩემთვის უბრალოდ სიმბოლო არ ყოფილა — ეს იყო ძალიან პირადი და ემოციური მომენტი. ჩემი სიამაყე, ჩვენი სისხლი — ჩვენი ისტორია. საქართველო უპირველეს ყოვლისა!
რას ნიშნავს თქვენთვის იყო პირველი ქართველი ქალი ამ პროექტში?
ამ ტრეკზე პირველ ქართველად ყოფნა, ჩემთვის ბევრად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მონაწილეობის მიღება. ეს იყო გამბედაობა — გადამედგა ნაბიჯი უცნობ სამყაროში და სიამაყით მეტარებინა ჩემი ქვეყნის სახელი. ეს, ასევე ნიშნავდა იმის დამტკიცებას საკუთარი თავისთვის, რომ ოცნებები, რომლებიც ოდესღაც შეუძლებელი ჩანდა, შეიძლება რეალობად იქცეს, თუ მათ საკმარისი რწმენითა და სიყვარულით გაჰყვები.
გრძნობდით თუ არა პასუხისმგებლობას, როგორც საქართველოს წარმომადგენელი?
მინდა ვახსენო ადმიანი, რომელმაც, ჩემამდე უკვე გახსნა გზა ქართველი მხედრებისთვის მაროკოში. ეს გახლდათ, მარიამ კერესელიძე, რომელიც მაროკოს საცხენოსნო ისტორიაში ერთ-ერთ პირველ ქართველ მხედრად ითვლება. საცხენოსნო საზოგადოების ისტორიულ ცნობებსა და გადმოცემებზე დაყრდნობით, იგი დაახლოებით 1935 წელს, ძალიან ახალგაზრდა ასაკში, მონაწილეობდა უდაბნოს ცხენოსნობასა და გამძლეობის რბოლებში და იმ დროის პუბლიკაციებშიც ყოფილა ნახსენები მისი მიღწევები. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ასეთი შთამაგონებელი ფიგურის — მარიამ კერესელიძის — შემდეგ, თითქმის ერთი საუკუნის მერე, საქართველოს დროშა და სახელი კვლავ გამოჩნდა მაროკოში — ამჯერად “International Trek of Peace”-ზე, რითაც გრძელდება ისტორია, რომელიც ჩემამდე დაიწყო და იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრ მხედარს შთააგონებს.
როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ თქვენი ცხოვრება?
35 წლის ასაკში ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს თავიდან დავიბადე. ამ გამოცდილებამ ჩემში რაღაც გააღვიძა და კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ ნამდვილად არაფერია შეუძლებელი. დავბრუნდი უფრო მეტი თავდაჯერებულობით, სიმამაცით და კიდევ უფრო ძლიერი სურვილით, რომ ჩემს ოცნებებს გავყვე — რამდენად შორსაც არ უნდა ჩანდეს ისინი. ზოგჯერ ერთი მოგზაურობა სრულიად ცვლის შენს წარმოდგენას საკუთარ თავზე და მომავალზე — და ეს, სწორედ ასეთი მოგზაურობა იყო ჩემთვის.
რას ეტყოდით სხვა ქართველ გოგოებს, რომლებსაც დიდი ოცნებები აქვთ?
ყველა ქართველ გოგოს, ვისაც გულში საკუთარი ოცნება აქვს დამალული — გთხოვთ, არასოდეს იფიქროთ, რომ უკვე გვიანია, შეუძლებელი ან ზედმეტად არარეალურია. ხშირად ცხოვრება, რომელზეც ოცნებობ, ძალიან შორს გეჩვენება… სანამ ერთ დღეს არ მიხვდები, რომ უკვე თავად ცხოვრობ ამ ოცნებაში. ნუ შეგეშინდებათ გვიან დაწყების. ნუ შეგეშინდებათ განსხვავებულობის. ნუ შეგეშინდებათ, თუ თავიდან ვერავინ გაიგებს თქვენს ხედვას. იშრომეთ, შეინარჩუნეთ ვნება და არასოდეს მისცეთ შიშს უფლება, გადაწყვიტოს თქვენი მომავალი. თუ, მე შევძელი ამის მიღწევა 35 წლის ასაკში, მხოლოდ 1.5 წლის ცხენოსნობის გამოცდილებით, მაშინ თქვენთვისაც არაფერია შეუძლებელი. და თუ ვინმეს სურს, ჩემთან ერთად იგივე გამოცდილება მიიღოს მაროკოში, ძალიან მინდა ერთ დღეს დავგეგმო ჯგუფი და წავიყვანო იქ — რომ მათაც იგრძნონ და იცხოვრონ იმ ჯადოსნური დღეებით, რაც მე გავიარე, იგივე ემოციებით, იგივე კავშირით და იგივე დაუვიწყარი გამოცდილებით.

გეგმავთ თუ არა მომავალში მსგავს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას?
რა თქმა უნდა! აწი, მე რაღა გამაჩერებს! ნამდვილად ვგეგმავ კიდევ ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობას. ოქტომბერში მონაწილეობას მივიღებ ემირატების 40-80 კმ-იან endurance შეჯიბრში და გავაგრძელებ ახალი შესაძლებლობების ძიებას, განსაკუთრებით ისეთებში, სადაც შევძლებ ჩემი ლამაზი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენას.

17 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·