#OK! მარიამი და კირა

12 hours ago 8

ჩვენი რუბრიკის სტუმარი არაჩვეულებრივი დედა-შვილია – უნიჭიერესი მომღერალი და მსახიობი, მარიამ როინიშვილი და მისი პატარა კირა.

როგორია მარიამისთვის ორი ქალიშვილის დედობა, რა გამოწვევები ახლავს მისთვის ამ ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსს და როგორი გოგოა კირა – წაიკითხეთ მარიამთან ქართული OK!-ს ინტერვიუში.

მარიამ, როგორია დედობის თქვენებური გამოცდილება?

მე დიდი ხნის წინ გავხდი დედა. ჩემი პირველი შვილი, ელენე 15 წლისაა, თუმცა ამ ასაკში კიდევ ერთი შვილის გაჩენის მერე დედობაში ახალი აღმოჩენები გავაკეთე. შვილები ხომ ერთმანეთისგან ხასიათით, თვისებებით განსხვავებული ინდივიდები არიან, სამყაროს თავისებური აღქმით და მეც, თავისთავად, მაქვს ახალ-ახალი აღმოჩენები მათთან მიმართებაში. კირასთან დაკავშირებით ხშირად მისვამენ კითხვას, როგორია ამ ასაკში დედობა. პირველად დედა რომ გავხდი, 20 წლის ვიყავი და ახლა 35 წლისას შემეძინა მეორე შვილი. მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში გაცნობიერებული მქონდა დედობა. მაშინაც, როცა პატარა, 20 წლის გოგო ვიყავი. თუმცა მაშინ ამ გაცნობიერების მომენტს ხანდახან ჯაბნიდა სხვა სურვილები და მისწრაფებები, იმ პერიოდში ვსწავლობდი და ფაქტობრივად მაშინ ვაწყობდი მთელ ჩემს ცხოვრებას. გამოვიდა, რომ ელენესთან ერთად გავიზარდე. კირას უფრო ჩამოყალიბებული მარიამი შეხვდა დედად. ახლა უფრო გააზრებული შევხვდი დედობას, უფრო გამოცდილიც, მეტი ცოდნით.

ელენეზე მოგვიყევით.

ელენე კირას დაც არის და დედაც, ძალიან ჭარბად არის მასში საოცარი სითბო და დედობრივი ინსტინქტები. ახლაც არ არის საქართველოში და სულ მწერს კირაზე, ძალიან მენატრებაო. ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ორი შვილით. პირველი, რომელიც შვილთან ერთად ჩემი მეგობარიცაა და ეს პატარა, რომელსაც მთელი ოჯახი თავზე დავფოფინებთ.

მარიამ, რომელია თქვენი, როგორც დედის, ის პრინციპები, რომელსაც მუდამ იცავთ?

შვილთან მეგობრობა. ამის თქმის უფლებას მივცემ თავს ელენეს გამო. ახლა რომ დედობაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდე, არ ვიცი, რა პასუხს გაგცემდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველანაირი ღირებულებები, ინტერესები, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საკითხში, ყველაფერი, რაც სამყაროს აღქმას და შეცნობას ეხება, საბოლოდ მაინც მეგობრობამდე დადის. დედაშვილობის ძაფს ამქვეყნად ვერაფერი გაწყვეტს, მაგრამ ამ ურთიერთობას კვება აუცილებლად სჭირდება და ის სწორედ ჯანსაღი მეგობრობით იკვებება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზღვარი წაიშალოს დედასა და შვილს შორის. ჩემმა შვილმა იცის, რომ მისი უპირველესი მეგობარი ვარ, რიგ საკითხებში – მითუმეტეს. მას აქვს ჩემი იმედი და არ აქვს იმის შიში, რომ რაიმეს დედას ვერ ეტყვის ან მე ვერ მივიღებ, ვერ გავუგებ. ყველა თემაზე შეგვიძლია მე და ელენეს საუბარი. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი ნებისმიერ თემაზე გახსნილად მესაუბრება. კირასთან არ ვიცი ეს როგორ გამომივა, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა და ამან შეიძლება ცოტა შეგვაფერხოს.

თუ არის შეცდომები, რომელიც ელენესთან დაუშვით, როგორც დედამ, გააცნობიერეთ და კირასთან აღარ დაუშვებთ.

კი, იყო შეცდომები, რომელიც დავუშვი და აღარ გავიმეორებ მათ კირასთან, მაგრამ სამაგიეროდ სხვა შეცდომებს დავუშვებ, ეს ზუსტად ვიცი, რადგან ამისგან დაზღვეული არავინაა. დედებს სულ გვინდა, რომ ვიყოთ იდეალურები, მაგრამ არ გამოდის, ადამიანები ვართ, შეცდომებს ვუშვებთ, მათ შორის, დედის როლში და ეს ნორმალურია. ჩვენ ვიზრდებით ჩვენს შეცდომებთან ერთად, აბა სხვა რამ უნდა გაზარდოს ადამიანი? თუ შეცდომა არ დაუშვი, როგორ გახდები უკეთესი?

მე იმ შეცდომებთან ერთად გავიზარდე, რომელიც ელენესთან გავიარე. ალბათ ახლაც მეშლება, მაგრამ ეს არის ცხოვრება, ურთიერთობები. შეცდომაა იმის თქმა, რომ მე არაფერი შემეშლება ან მეშლება.

მკაცრი დედა ხართ?

ამბობენ, რომ ვარ. მომთხოვნი ვარ, ფეთქებადი ხასიათი მაქვს და შეიძლება უცებ რაღაცაზე გავცხარდე, მაგრამ მალევე მინელდება ბრაზი. ყოფილა ისეც, რომ უხეშად მითქვამს რაღაც, მაგალითად, როცა მინერვიულია იმაზე, რომ ელენეს ტელეფონზე არ უპასუხია. მე მგონია, რომ არ ვარ მკაცრი დედა. მყავს ასეთი ადამიანები ირგვლივ და ზუსტად ვიცი ეს რას ნიშნავს.

თამრიკო თუა (თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ რონიშვილის დედა) მკაცრი დედა?

არა, არასდროს ყოფილა, პირიქით, ძალიან ლმობიერი იყო, მაგრამ მომთხოვნი, განსაკუთრებით სწავლის კუთხით. მე თავად ბევრი რამ მაქვს აღებული დედაჩემის აღზრდის მოდელიდან, რაც ბუნებრივია.

მოდი, კირაზე გვესაუბრეთ, როგორი გოგოა?

ძალიან კარგი გოგოა, არც მტირალაა, არც პრეტენზიული, ერთი ესაა, ღამე კარგად არ სძინავს. მთავარი ისაა, რომ ყველა, მთელი ოჯახი გაგვახალისა და გაგვაბედნიერა თავისი დაბადებით, ახალი სისხლი გადმოგვისხა. ვახოსთვის (ვახო კანდელაკი) ახალი აღმოჩენაა გოგო შვილი. პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს და გოგოს გამოცდილება არ ჰქონია.

როგორი მამაა ვახო?

საოცარი მამაა, ყველაფერში ჩართულია. ზოგადად, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია და ზუსტად ვიცოდი, როგორი შესანიშნავი მამა იქნებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ვუყურებდი, როგორი კარგი მამა იყო ერეკლესთვის და ახლაც ჩემს მოლოდინს ბევრად გადააჭარბა. არაჩვეულებრივი მამაა.

მარიამ, როგორ ფიქრობთ, რა სჭირდებათ ბავშვებს ოჯახისა და საზოგადოებისგან? რა გამოწვევები აქვთ დღევანდელ ბავშვებს?

ძალიან მრავალმხრივი და რთული თემაა. ყველამ ვიცით, რომ ბევრი ბავშვი გვყავს საქართველოში, რომელთაც ელემენტარული ზრუნვა და საკვები არ აქვთ. ვიცი, რომ კატასტროფულად დიდია მზრუნველობამოკლებული ბავშვების რიცხვი საქართველოში. ბევრ ბავშვს ძალიან უჭირს ცხოვრება, ვგულისხმობ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რადგან მათი მშობლები ყოველდღიურად გადარჩენის რეჟიმში არიან, აგროვებენ კაპიკებს, ხშირად ამ ბავშვების ჩართულობითაც. რა სჭირდებათ ბავშვებს? მშობლებისგან სიყვარული და ელემენტარული სახსრები, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განათლება იყოს შესაბამის დონეზე. დღეს კი მთელი ქვეყანა განვიხილავთ საკითხს, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს მივცეთ თუ არა წამალი. ხვდებით, რა დაუნდობელ რეალობაში არიან ბავშვები? რა მდგომარეობაში გვაყენებს სახელმწიფო. ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ხომ ჰყავთ შვილები, ერთი წამით ჩააყენონ საკუთარ თავი ამ ბავშვების მშობლების ადგილას. მათ შვილს რომ ჰქონდეს იგივე პრობლემა, რას იზამდნენ? აუცილებლად მთებს გადადგამდნენ. ასეც მოიქცევიან ის მშობლებიც, რომლებიც ახლა უმძიმეს მდგომარეობაში არიან და წამლებს ითხოვენ თავიანთი შვილებისთვის. ამ ბავშვებმა აუცილებლად უნდა მიიღონ წამალი და მიიღებენ კიდეც. შეუძლებელი შეძლეს ილიაუნის სტუდენტებმა, მთელი ერი გაერთიანდა ბავშვების დასახმარებლად.

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა