#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

4 weeks ago 73

ამ საუკუნის პირველი ათწლეულის დასაწყისში, როდესაც სმარტფონები მხოლოდ იწყებდნენ ჩვენს ყოველდღიურობაში შემოსვლას, ერთ-ერთ ტრენინგზე მოვისმინე პროგნოზი: „მალე ყველას შეეძლება გახდეს ჟურნალისტი, შექმნას ექსკლუზიური მასალა და ამისთვის მხოლოდ ტელეფონი დასჭირდება“.

სულ მალე ეს პროგნოზი ახდა. დღეს ინფორმაცია წამებში ვრცელდება, ამბები სოციალურ ქსელებში იბადება და ხშირად იქვე სრულდება კიდეც. სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს ტელევიზორს, საიტებზე გადასვლაც შემცირდა, ბევრისთვის სათაურიც საკმარისია. გრძელი ტექსტები რამდენიმეწამიანმა ვიდეოებმა ჩაანაცვლეს.

მაგრამ ამ მუდმივად ცვალებად საინფორმაციო სამყაროში ერთი რამ თითქმის უცვლელი დარჩა:

მილიონობით ადამიანი დღესაც პირდაპირ ეთერში ელოდება მატჩის დაწყებას, უსმენს კომენტატორს, ეცნობა სპორტული ჟურნალისტების შეფასებებს, კამათობს მათ მოსაზრებებზე და ენდობა მათ პროფესიონალიზმს. იმიტომ, რომ სპორტი მხოლოდ ანგარიში არ არის. ანგარიში ყველამ იცის. მნიშვნელობა აქვს იმას, რა დგას შედეგის უკან.

როდესაც ისტორიული გამარჯვება დგება, სპორტული ჟურნალისტი პირველი ადამიანია, ვინც ამ მოვლენისთვის სიტყვებს პოულობს. ის ხსნის, რატომ არის ერთი გოლი უბრალოდ გოლზე მეტი, რატომ შეიძლება ერთმა მედალმა მთელი ქვეყნის განწყობა შეცვალოს და რატომ ახსოვს ხალხს ათწლეულების შემდეგაც კონკრეტული მატჩები, სპორტსმენები და კომენტარები.

ამ პროფესიას საქართველოში განსაკუთრებული ისტორია აქვს. თაობები გაიზარდნენ კოტე მახარაძის, ეროსი მანჯგალაძის, ჯამლეტ ხუხაშვილის, თამარ ბალავაძისა და ნუგზარ ჯუღელის ხმასა და ტექსტებზე. ისინი მხოლოდ მატჩებს არ აშუქებდნენ – ისინი სპორტის ისტორიას ქმნიდნენ. ხშირად ერთი ფრაზა, ერთი რეპორტაჟი ან ერთი ზუსტად დაჭერილი კადრი ისეთივე დასამახსოვრებელი ხდებოდა, როგორიც თავად სპორტული მოვლენა.

ხმა, ფრაზები, გულწრფელი ემოციები, შეცდომით ნათქვამი ფრაზები და სახელები – ეს ის ისტორიაა, რომელიც არავის ავიწყდება. მათი ხმები ყველამ ვიცით და ეს ნომერი სწორედ სპორტულ ჟურნალისტებს, კომენტატორებსა და ფოტოგრაფებს ეძღვნებათ.

სიყვარულით,

მაიკო წერეთელი

ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი

სრულად წაკითხვა