კანის 79-ე ყოველწლიური კინოფესტივალი 2026 წლის 12–23 მაისს გაიმართება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება დამოუკიდებელ და საავტორო კინოზე. პროგრამაში ნაკლებად არიან წარმოდგენილი ჰოლივუდური ბლოკბასტერები და უფრო მეტად — არტჰაუს რეჟისორები. ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს კონკურსში მონაწილეობისთვის რეკორდული რაოდენობის – 2500-ზე მეტი ფილმის განაცხადი შევიდა.

კონკურსში მონაწილე ფილმებს შორისაა პედრო ალმოდოვარის Amarga Navidad; კოჯი ფუკადას Nagi Notes; Ira Sachs-ის The Man I Love და კუროსავა კიიოშის „კოკუროჯო“.
ფესტივალი პიერ სალვადორის ფილმით „ელექტრული კოცნით“ გაიხსნება და „ოქროს პალმის რტოს“ ცერემონიით დაიხურება. მთავარი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე კინორეჟისორი პარკ ჩან-ვუკი იქნება – პირველი სამხრეთკორეელი რეჟისორია, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს.

ჟიურის სხვა წევრებს შორის არიან ამერიკელი მსახიობი დემი მური, „ჰამნეტის“ რეჟისორი ქლოე ჟაო და შვედი მსახიობი სტელან სკარსგარდი.
გახსნისა და დახურვის ცერემონიებს ფრანგი მსახიობი ეი ჰაიდარა გაუძღვება. კანის ფესტივალზე წელს ელოდებიან არაერთ მსოფლიო ვარსკვლავს, მათ შორის John Travolta-ს, Scarlett Johansson-ს, Adam Driver-ს და Rami Malek-ს. ასევე, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს The White Lotus — გავრცელებული ინფორმაციით, სერიალის ახალი სეზონის ნაწილი სწორედ კანის ფესტივალის ფონზე გადაიღება.
ფესტივალის ფარგლებში საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემათ ახალზელანდიელ კინორეჟისორ პიტერ ჯექსონს და ამერიკელ მსახიობს, მომღერალსა და კინორეჟისორ ბარბრა სტრეიზანდს.

ის საპატიო „ოქროს პალმის რტო“ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს — ზუსტად 25 წლის წინ, 2001 წელს, კანის ფესტივალზე პირველად აჩვენეს „ბეჭდების მბრძანებლის“ დაუმთავრებელი მასალა, რომელმაც მაშინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
წლევანდელ პროგრამაში განსაკუთრებულ ყურადღებას მიიქცევს ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკაც — რამდენიმე კონკურსანტი ფილმი სწორედ AI-სა და ადამიანის ურთიერთობაზეა შექმნილი.
ფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა „ფორსაჟის“ ფრენჩაიზს. 79-ე კინოფესტივალის ფარგლებში, ოთხშაბათს, გრან ლუმიერის თეატრში, ფილმის ჩვენება გაიმართება.

ჩვენებას დაესწრებიან ფრენჩაიზის ვარსკვლავები: ვინ დიზელი, ჯორდანა ბრიუსტერი და მიშელ როდრიგესი, ასევე პროდიუსერი ნილ ჰ. მორიცი. ცნობილია, რომ პოლ უოკერის პატივსაცემად, ჩვენებას გარდაცვლილი მსახიობის ქალიშვილიც, მიდოუ უოკერიც დაესწრება.
2026 წელს, დიდ ეკრანებს გილერმო დელ ტორის საკულტო ფენტეზი „პანის ლაბირინთიც“ დაუბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ორი ათწლეულის წინ ფილმმა ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ოვაცია – 22 წუთი – დაიმსახურა. Variety-ის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას გილერმო დელ ტოროც დაესწრება.
ტექსტი: ანი შავიშვილი

3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·